ილია ჭავჭავაძის ლექსის "პასუხის პასუხი" ანალიზი ქართულის მასწავლებლის დავალებისთვის, სათაურით: "პასუხის პასუხი - ანალიზი":
"პასუხის პასუხი" არის ილია ჭავჭავაძის მორიგი გალაშქრება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ არისტოკრატიაზე, რომელიც დაცლილი იყო ყოველგვარი პროგრესული იდეებისაგან. ლიბერალური ფრთის ლიდერმა წინა თაობა სარკეში ჩაახედა და ნათლად დაანახა, თუ რა ჭაობში იძირებოდნენ ისინი. მაგრამ, როდის იყო, ქართველ კაცს კრიტიკა ნორმალურად მიეღო?! სწორედ ამან განაპირობა ორი გენერაციის ერთმანეთთან დატაკება საგაზეთო ფურცლებზე.
რაც შეეხება ხსენებულ ლექსს, მგოსანი მას აგრესიული ტონით იწყებს და პირდაპირ ამუნათებს თავის მოქიშპეთ. ილიამ თავიდანვე გაუსვა ხაზი რუსეთის იმპერიის სამსახურში მიღებულ იმ ჩინ-მედლებს, რომლითაც გრიგოლ ორბელიანი და ძმანი მისნი დიდხანს იწონებდნენ თავს. ჭავჭავაძე წერს, რომ რუსეთთან შეხება მისი თაობის წევრებსაც ჰქონიათ, თუმცა მათ ეს მხოლოდ განათლების მისაღებად გამოიყენეს და თავიანთი წინამორბედებისგან განსხვავებით, საკუთარი პრინციპები არ გაყიდეს.
თაობათა დაპირისპირების ჟამს რელიგიას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეკისრებოდა. ასაკით უფროსები ყოველთვის უკიჟინებენ თავიანთზე უმცროსებს, რომ მათ ღვთის გზას გადაუხვიეს და სატანას შეეკვრნენ (ზოგადად, სიტყვა სატანის გამოყენება მათ ძალიან უყვართ). მსგავსი რამ მოხდა ამ შემთხვევაშიც, რადგან ილია ჭარმაგ წარჩინებულთ შემდეგ რამეს ეკითხება "იმით თამამობთ, რომ ბეზღით გვწამობ ურჯულოებას, ღვთის უარყოფას?"
ჭავჭავაძემ კიდევ ერთხელ შეუტია საპირისპირო ფრთას და პირდაპირ თქვა, რომ მათ მზაკვრობის, თვალთმაქცობისა და ყოველგვარი უკუღმართის ღმერთის სჯერათ ახალგაზრდებს კი ტანჯულ-ჩაგრულთა უფლის რწმენა აქვთ.
თერგდალეულთა ლიდერი ეხება ქართული ენის საკითხსაც და მის დაკნინებაში ღიად ადანაშაულებს წინა თაობას. ილია გაბრაზებით აღნიშნავს, რომ "მამებს" ქართულად მეტყველება სამარცხვინოდ მიაჩნდათ და გინდ შინ, გინდ გარეთ გმობდნენ მშობლიურ ენას.
ენის აღორძინების მისია ახალგაზრდებმა იკისრეს. უფროსებისაგან გმობილმა შვება ახალ თაობაში ჰპოვა და როგორც ლექსში ვკითხულობთ, მას უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ჭავჭავაძემ იცოდა, რომ ქართული ენა კვლავ დაბრუნდება თავის სიმაღლეზე, თუმცა მისთვის ზიანის მიმყენებელთ ისტორია საკადრის პასუხს მიაგებდა, რაც, ზუსტი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა.
პასუხის პასუხი პოეტმა "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმით დაასრულა და კიდევ ერთხელ მიუთითა უფროს თაობას თავის მანკიერებაზე. საბოლოო ჯამში, მამებისა და შვილების ომში ეს გადამწყვეტი შეტაკება გამოდგა, საიდანაც უკვე გამოჩნდა, რომ თანდათანობით, ახალგაზრდები წინა პლანზე გადმოდიოდნენ და წინა თაობას მათთვის ადგილი უნდა დაეთმო.
No comments:
Post a Comment