Monday, November 23, 2020

პატრიოტული მოტივი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებით, სათაურით: "პატრიოტული მოტივები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში"

პატრიოტიზმი და ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ფაქტობრივად იდენტური ცნებებია. შეუძლებელია, ილიას რომელიმე ნაწარმოები წაიკითხო და ვერ ამოიკითხო კავშირი მის თითოუელ სიტყვასა და სამშობლოს სიყვარულს შორის. სწორედ ამის გამო იქცა იგი ერის მამად და ყველა ადამიანისთვის მისაბაძ პიროვნებად.

"მე თქვენ გაღვიძებთ მძინარე ქართველნო, თქვენ კი მეორე გვერდზე ტრიალდებით და მაგინებთ." - ამ ერთ ფრაზაში ჩანს ჭავჭავაძის მთელი გულისტკივილი. ის თავისი შეგნებული ცხოვრების ყველა წამის განმავლობაში ცდილობდა, რომ თვალებზებინდგადაკრული თანამემამულეები გამოეფხიზლებინა და ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო, თუმცა ამის გამო მას ბევრი ტალახი მოხვდა,

საბედნიეროდ, ილიას ქმედებებმა ნაყოფი მაინც გამოიღო და მისი გარდაცვალებიდან ათიოდე წელიწადში საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ხალხის მასა მთაწმინდისკენ დაიძრა. ერთ-ერთმა სოციალ-დემოკრატმა, ვლასა მგელაძემ კი დიდი მოაზროვნის საფლავში ჩასძახა: "გიხაროდენ დიდო ილია, შენი ოცნება აღსრულდა!" 70 წლის შემდეგ, როცა საქართველო უკვე საბჭოური ტირანიისგან თავდაღწევას ცდილობდა, ერთ-ერთ დისიდენტურ ორგანიზაციასაც "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" ეწოდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ბოლო 200 წლის მანძილზე, ქართველი ერის თავისუფლება და ილია ჭავჭავაძე ერთმანეთთან მტკიცედაა გადაჯაჭვული.

რაც შეეხება შემოქმედებას, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად საზოგადო მოღვაწის პატრიოტიზმი ეპოქალურ ნაწარმოებში "კაცია-ადამიანი" გამოიხატა. რა თქმა უნდა, ირონიულად ჟღერს ამის თქმა იმ ნაწარმოებზე, სადაც იმდროინდელ ქართველობას ავტორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, თუმცა ამ კითხვის ნიშანს ილია თავადვე აქრობს ეპიგრაფით: "მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო."

"მგზავრის წერილებში" ჩანს, რომ ჭავჭავაძის ერთადერთი საფიქრალი რუსეთიდან სახლში დაბრუნების დროს ის იყო, თუ როგორ უნდა დახმარებოდა თავის სამშობლოს. "როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე," - მხოლოდ ამაზე დარდობდა ილია და მან თავისი ვალი პირნათლად შეასრულა.

საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ სანამ თავისუფლების სურვილი ერთ ქართველში მაინც იარსებებს, მანამდე იქნება ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და ზოგადად, მისი იდეები აქტუალური. ასე რომ, გამოფხიზლდი ერო! 

No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...