ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით "პოეზიის დანიშნულება"
ყველა პოეტის დანიშნულებად იმას ვთვლი, რომ მას საკუთარი ერის მაჯისცემაზე უნდა ედოს ხელი. ისტორიას არ შემორჩენიან ისეთი მგოსნები ვინც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასულა და ეს შემთხვევითი სულაც არაა.
ქართულ ლიტერატურას ბოლო საუკუნეების მანძილზე დაეკისრა მეტად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა - გაეხმოვანებინა საზოგადოების სატკივარი. მაშინ, როცა სახელმწიფოებრიობის ცნება გამქრალი იყო და მტერი ყოველივე ეროვნულის ჩანასახშივე ჩაკვლას ცდილობდა, პოეტებს ხანდახან შეფარულად, ხანდახან კი პირდაპირ უნდა გამოეხატათ პროტესტი არსებული სისტემის წინააღმდეგ და საბედნიეროდ, ისინი ამას აკეთებდნენ კიდეც.
ქართველ პოეტს არასდროს ჰქონია იმის ფუფუნება, რომ გამუდმებით ეწერა ბუნების ლანდშაფტებსა თუ თავის გულისნადებზე. გარეშე თვალისთვის ადვილად შესამჩნევია, რომ მკითხველსაც უფრო მგზნებარე, სამშობლოს სიყვარულით აღტკინებული, თუნდაც ოდნავ პათეტიკური ლექსები უფრო იზიდავს, ვიდრე მელანქოლიურ-სასოწარკვეთილი (ესეც კენჭი რომანტიკოსთა ბოსტანში), რაც ასევე ლოგიკურია, ისევ და ისევ ჩვენი წარსულის გამო.
ოცდამეერთე საუკუნის ქართული პოეზიისკენ რომ ინტერესი მინავლებულია, მარტივი შესამჩნევია. ამის მთავარ მიზეზად კი ისევ უახლოეს ისტორიაში მოვძებნიდი. ამჟამად აღარ არსებობს პროტესტის ქარაგმულად გამოხატვის აუცილებლობა და ყველას ხმამაღლა შეუძლია, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენი სამოქალაქო ცხოვრება მხოლოდ სტროფებიდან აღარ გამოსჭვივის, რამაც ყველაფერი შეცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ მე მწერალთა ფლანგზე ვდგავარ და მელექსეების შემოქმედებისადმი დიდი თაყვანისცემით არ გამოვირჩევი, ეჭვგარეშეა, რომ პოეტებს ყოველთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ჰქონდათ აღებული და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს.
No comments:
Post a Comment