Tuesday, November 10, 2020

მსოფლიო ომების გარეშე

ესე გეოგრაფიის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მსოფლიო ომების გარეშე"

მსოფლიოს ისტორიას ხშირად ომების ისტორიასაც უწოდებენ და ეს სავსებით სამართლიანია. უხსოვარი დროიდან, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გვარებად თუ თემებად ცხოვრობდნენ და პრიმიტიულზე პრიმიტიული იარაღები ჰქონდათ, ერთმანეთთან დაპირისპირებებს მრავლად ჰქონდა ადგილი, რაც ლოგიკურია, რადგან ბრძოლისკენ მიდრეკილება ჩვენს პიროვნებაში მჭიდროდ ზის.

სწორედ ამიტომ, "მსოფლიო ომების გარეშე" ისეთივე უტოპიური მოცემულობაა, როგორიცაა "პლანეტები თანამგზავრების გარეშე" ან "შენობები საძირკვლის გარეშე". ის, რომ ხალხს ხანდახან ბოლის გამოშვება სჭირდება, ამას ვერც დროის სვლა შეცვლის და ვერც სხვა დამაბრკოლებელი გამოუჩნდება.

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი კადრები, რომელიც 1943 წლის 18 იანვარს, ბერლინის სპორტის სასახლეშია გადაღებული. სწორედ ამ დღეს, ნაცისტური გერმანიის მთავარმა იდეოლოგმა, იოზეფ გებელსმა მრავალათასიან პუბლიკას ერთი კითხვა დაუსვა: გინდათ ტოტალური ომი? შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად იხუვლა - დიახ! თუ ვინმეს კიდევ არ სჯერა, რომ სისხლისღვრისკენ სიმპათია ადამიანის ბუნების ნაწილია, აჩვენეთ მათ ეს ჩანაწერი.

იმ ფილმებშიც კი, სადაც კაცობრიობის მომავალია ასახული, ხშირად ვხვდებით შემდეგ სურათს: მაშინ, როცა დედამიწაზე თითქოს სიმშვიდეს დაუსადგურებია, მტერი ღია კოსმოსიდან ჩნდება. ეს არის მორიგი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ უბრალოდ არ წარმოგვიდგენია სიცოცხლე უბრძოლველად. ვერ ვიგებთ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ვინმესთან კონკურენციისა და ქიშპობის გარეშე. 

ზოგისთვის ასეთი შეხედულებები კატასტროფულია და ალბათ, მის ღიად გამომხატველს კაციჭამიადაც კი შერაცხავდნენ, მაგრამ ფაქტი აშკარაა. სწორედ ერთმანეთთან განუწყვეტელმა შეჯახებებმა გამოწრთო ადამიანი, რათა მას ამდენი განსაცდელისთვის გაეძლო.

ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და ბევრს ჰგონია, რომ გასული რამდენიმე წელი შედარებით მშვიდობიანი იყო. რა თქმა უნდა, შუა საუკუნეების მსგავსი მხეცური შეტაკებები ასე მასშტაბურად აღარ ხდება, თუმცა თუ თქვენ გუგლის საძიებო ველში "მიმდინარე კონფლიქტებს" ჩაწერთ, საკმაოდ დიდი სია გადაგეშლებათ თვალწინ. ასე რომ, პლანეტაზე ამ წამსაც კი ბევრი ადგილი ცეცხლშია გახვეული.

ყარაბახის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ომით დაკარგული ომითვე ბრუნდება, ამიტომ ქართველებისთვის სჯობს, მსოფლიოში სამუდამო მშვიდობის დამყარება გარკვეული დროით გადაიდოს, მანამდე, სანამ კუთვნილს უკანვე არ მივიღებთ.

No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...