ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ჩვენი ახლანდელი ყოფა და მომავალი"
ქართველი ერის წარსულ ყოფასა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის მთავარი განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ ხალხის დიდი ნაწილი მონად იქცა. თავისუფლება არის ის, რაც ქართველი ერის დიდმა ნაწილმა ძალიან დიდი ხანია დაკარგა. დაახლოებით 200 წელიწადზე მეტი. არადა ერი, რომელსაც თავისუფლების მანიაკალური მოთხოვნილება არ აქვს, მკვდარია.
პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიკარგა თავისუფლებისკენ ლტოლვა ისაა, რომ ადამიანებმა თავის მოტყუება დაიწყეს. მათ ჰგონიათ, რომ საკუთარ ნებას თავად განკარგავენ, უზადო თავისუფლებით სარგებლობენ და ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. სიმართლე ისაა, რომ საზოგადოებამ სახე დაკარგა, იქცა მონების შეუხედავ ჯოგად.
ძალიან მარტივია იყო მონა. დაკმაყოფილდე პატრონის მიერ სამადლოდ გადმოგდებული სალაფავით; ბედნიერი იყო იმით, რომ როცა მოუნდებათ, მაშინ წაგითაქებენ თავში, მაგრამ თუ არ გაინძრევი, გვერდების ატკივებას ცოტა ხნით გადაავადებ. მონობა არის ქრონიკული სენი, რასაც ერთადერთი პრეპარატი აქვს - თავისუფლება, მაგრამ ჭირვეული ავადმყოფების მსგავსად, წამლების მიღებას არ ვცდილობთ და ბედს ვეგუებით. შეგუებასა და ჭაობში ჩარჩენას კი მხოლოდ და მხოლოდ თვითგანადგურებისკენ მივყავართ.
ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა "მონა" ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. აქ გვხვდება უხილავი პირისა და დაბეჩავებული კაცის სულისშემძვრელი დიალოგი, მთხრობელი ოსტატურად გვიჩვენებს მონის ფსიქოლოგიის სრულ სურათს და მინიატურას ამ სიტყვებით ამთავრებს:
"მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა ... ნაკლებ საცოდავი, ვიდრე საზიზღარი."
თავისუფლების დაკარგვას ადამიანი სხვა, რანგით უფრო დაბლა მყოფი არსებების დონეზე ჩამოყავს. მართლაც, მუცლის ამოყორვა და როგორღაც თავის ცოცხლად დატოვება ცხოველებსაც და ფრინველებსაც ჩვენს მსგავსად ადარდებთ. სწორედ ამიტომაა, რომ მონის ფსიქოლოგიის პატრონსა და პირუტყვს შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს.
ქრისტესშობიდან ოცდამეერთე საუკუნეში, მაშინ, როცა პლანეტა განვითარების ახალ-ახალ ეტაპზე გადადის, სამარცხვინოც კია, ჯანსაღი ადამიანი სასოებით შეჰყურებდეს ვინმეს წყალობას.ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ სოციუმის დიდი ნაწილი სტოქჰოლმის სინდრომით დაავადდა. სხვანაირად აუხსნელია ხალხის ის ჯოჯოხეთური მოწადინება ვინმეს მკაცრი ხელისკენ. ყველაზე ნათლად ეს კოვიდპანდემიის დროს გამოვლინდა, როცა ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სულელური რეგულაციების გამპროტესტებელს ჯერ გაუნათლებლები ეძახეს, შემდეგ ხალხის მტრები და ბოლოს ტერორისტებადაც მონათლეს. არადა, ისინი მხოლოდ გვახსენებდნენ, რომ ჩვენს კონსტიტიციურ უფლებებს ყოვლად უაზრო საბაბით ზღუდავდნენ, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონეო უნდაო, ჩვენს წინაპრებს ტყუილად ნამდვილად არ უთქვამთ.
ასეა თუ ისე, დროა, ერმა გაიღვიძოს. ქართული სახელმწიფოებრიობა ზუსტად 190 წლის მანძილზე იყო გამქრალი. უხეშად რომ დავითვალოთ, 10 თაობა მონის უღლის ქვეშ გაიზარდა. გამოჩნდა, რომ ამ დამღუპველი გავლენიდან გასათავისუფლებლად 30 წელიწადი საკმარისი არ გამოდგა. დღესაც არსებობენ ისეთნი, ვინც ალბათ თავისი ინიციატივითაც კი გაიკეთებდა ბორკილს, რათა თავისი წილი პასუხისმგებლობა ჩამოეხსნა და მთლიანად პატრონს, ფაშას, ბატონს თუ ვინმე მსგავსს მინდობოდა. ასეთ მოცემულობაში კი თვალშისაცემი პროგრესი უბრალოდ წარმოუდგენელია.
რაც არ უნდა სადღეგრძელოსავით ჟღერდეს, ფაქტია, რომ ქართველმა ერი საუკუნეების მანძილზე უამრავ მტერს გაუძლო და ბევრსაც თავბედი აწყევლინა. სწორედ ამიტომ, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებსაც კი გულში მცირე იმედი გვაქვს შერჩენილი, რომ ოდესმე გამოვფხიზლდებით. სამწუხაროდ, ილია ჭავჭავაძის მიერ 1872 წელს ნათქვამი "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია" ახლაც აქტუალურია და ალბათ, ამაშია ჩვენი უბედურებაც.
No comments:
Post a Comment