"ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთო
ესე ლამაზად წუთის-სოფელი?
განა მისთვის , რომ ადამიანმა
შეაჩვენოს და აიღოს ხელი?"
ახალგაზრდა გოგონა ბერს უშუალოდ მიმართავს და იმით ინტერესდება, თუ როგორ სძლებს იგი ცხოვრებისგან მოშორებული. "არ გაგონდება, არც მამა, დედა, ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?" - კითხულობს იგი. განდეგილის სენაკს შეფარებული მანამდეც ასკვნის, რომ ღმერთმა მიუტევოს, მაგრამ იგი წუთისოფელზე უარს ვერასდროს იტყვის.
ბერმა სტუმარს მიუგო, რომ ყველაზე ტკბილი ამქვეყნად სულის სისპეტაკეა, ხოლო სული თავის მხრივ წუთისოფლის ტყვეა, რომელიც მას ბორკილებად ადევს. თუ გავიაზრებთ, ამ სიტყვებში დიდი ჭეშმარიტება იკითხება. ცხოვრებაში ხშირადაა მომენტი, როდესაც რაიმე მანკიერისგან თავის დაღწევა გსურს და მოწადინება აშკარაა, თუმცა სწორედ მაშინ ჩნდება რაღაც, რაც ისევ ძველ მდინარეში შეგიყვანს. ილიას ნათქვამიც აქვს, რომ ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლოს ამ ტალღამ. განდეგილს აღმოაჩნდა სულის სიმტკიცე, რაც ამქვეყნიური ცოდვებისგან თავის დასაღწევად გახლდათ საჭირო და როგორც ვხედავთ, მან ეს მოახერხა.
-¨მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით, ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?¨ - ეკითხება განდეგილის სიტყვებით ცოტა არ იყოს სასოწარკვეთილი გოგონა ბერს და პასუხად იღებს, რომ ხსნა ყველგან არის, ხოლო მან უბედურმა ასეთი გზა აირჩია.
სიტყვა უბედურის თქმამ მწირი დიდ საგონებელში ჩააგდო, რადგან მას არ ეგონა, რომ სამდურავი წამოცდებოდა. ბერი საკუთარ თავს უსვამდა კითხვებს და შიშობდა, რომ გაუაზრებლად, შემოქმედი დაამუნათა. ზოგადად, ვთვლი, რომ ამქვეყნიური ცხოვრებისგან ბოლომდე დისტანცირება წარმოუდგენელია. ბერმა ეს შეძლო, მაგრამ როგორც კი, რაღაც კავშირი გაჩნდა მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის, მის ბაგეებს ეს მკრეხელობა დასცდა.
ასეა თუ ისე, მწყემსი გოგონა და განდეგილი ცხოვრებას რადიკალურად განსხვავებულად უყურებდნენ, თუმცა მათ შორის ერთი გასაუბრებაც კი საკმარისი გამოდგა, რომ ბერის გონებაში თითქოს უკვე წარსულად ქცეული წუთისოფლის ძახილი გასმულიყო.
No comments:
Post a Comment