Wednesday, September 30, 2020

ნეოლითური რევოლუცია

ესე ისტორიის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ნეოლითური რევოლუცია"

ნეოლითური რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ. დაახლოებით ძვ.წ. X-IV საუკუნეებში, ადამიანები მიხვდნენ, რომ თავის გასატანად მხოლოდ ნადირობა და შემგროვებლობა აღარ იყო საკმარისი, ამიტომ საფუძველი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობასაც ჩაეყარა. სწორედ ესაა ქვის ხანის დასასრულიც.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცესი სწრაფი და უმტკივნეულო სულაც არ ყოფილა. თავდაპირველად, მესაქონლეობაცა და მიწის დამუშავებაც დამხმარე დისციპლინები უფრო გახლდათ, ვიდრე ძირითადი საქმიანობა. იქ, სადაც ადამიანებს გარემო ხელს უწყობდათ, ისინი კვლავ მიმთვისებლურ მეურნეობას ანიჭებდნენ უპირატესობას. ამან განაპირობა, რომ თუ ნეოლითური ხანის ბოლოს ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ჩინეთსა და ინდოეთში  მიწათმოქმედება დომინირებდა, ევროპაში ის ნაკლებად იყო განვითარებული, ხოლო დედამიწის სხვა რაიონებში სულაც ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბუნებრივია, ცხოვრების ახალმა წესმა ახალი ხელსაწყოების არსებობის აუცილებლობაც გააჩინა. ადამიანებმა დაიწყეს ქვის გაჭრა, გახვრეტა და გაპრიალება, რამაც იარაღები უფრო მოქნილი გახადა. ნეოლითის ხანას მიეწერება კერამიკის კულტურის ჩამოყალიბებაც. თიხისგან დამზადებულ ჭურჭელს ადამიანები საკვების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ თიხასთან დიდწილად ქალები მუშაობდნენ.

ნეოლითურმა რევოლუციამ ნეოლითის ცენტრებიც ჩამოაყალიბა. ასეთი სულ 3 გახლდათ:

იორდანურ-პალენისტური კომპლექსი

ჩათალ-ჰუიუქი

ჩრდილო მესაპოტამიისა და დასავლეთ ირანის კულტურები

ამ სამი ზონის გარდა, ოდნავ გვიანდელი ნეოლითური კულტურები აღმოჩენილია შუა აზიის, ინდოეთის, ჩინეთის, ბალკანეთისა და კავკასიის (მათ შორის საქართველოს) ტერიტორიაზეც. ევროპის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილებში ნეოლითური გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა.

როგორც ხედავთ, ნეოლითურმა რევოლუციამ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. აშკარაა, ეს პროცესი რომ არ დაწყებულიყო, ადამიანი დღეს იმაზე გაცილებით დაბალ საფეხურზე იქნებოდა, ვიდრე ახლაა.

Tuesday, September 29, 2020

გლობალიზაცია ნაციონალიზმის წინააღმდეგ

ესე გეოგრაფიის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის, სათაურით: "გლობალიზაცია ნაციონალიზმის წინააღმდეგ":

ნაციონალიზმი გლობალიზაციის წინააღმდეგ, არის ის ბრძოლა, რომელსაც, ოცდამეერთე საუკუნეში, ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ჰანდიკაპით იგებს.

თანამედროვე ყოფამ ნაციონალიზმს იმდენჯერ მოსცხო ჩირქი, თანაც უმეტესწილად, გაუმართლებელი, რომ საზოგადოებაში ამ იდეოლოგიისადმი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება დამკვიდრდა. რატომღაც, ნაციონალისტობა ბევრისთვის ძალიან მახინჯ ფენომენს წარმოადგენს, არადა, თითქოს არაფერია ცუდი იმაში, გიყვარდეს საკუთარი ერი.

კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ნაციონალიზმის სახელის გაფუჭებაში უდიდესი როლი ითამაშეს იმ ძალებმა, რომლებიც თავს ულტრანაციონალისტებად რაცხავენ, თუმცა, სინამვილეში, კრემლის კარის ჯამბაზები არიან.

რაც შეეხება ამ ზემოთხსენებულისა და გლობალიზაციის თანხვედრას, არსებითად ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ, რადგან ნაციონალიზმი საზოგადოების ქვაკუთხედად ეთნოსს მიიჩნევს, გლობალიზაცია კი სწორედ რომ ეთნიკური ბარიერების მოშლას ცდილობს.

თუმცა, ამ ორი პოლუსის თანაცხოვრებას გამორიცხულად მაინც არ ჩავთვლიდი. ნაციონალისტები კვლავაც ეცდებიან ეროვნული საწყისების მოფრთხილებას, რაც, კაცმა რომ თქვას, ერთობ საჭირო რამაა, გლობალისტები კი თავიანთ დინებას გაყვებიან- გაიმარჯვებს უძლიერესი.

კიდევ ერთი რამ, რაშიც ნაციონალიზმს შეუძლია გლობალიზაციასთან ითანამშრომლოს, საერთო მტრის განადგურებაა. ბუნებრივია, მოსისხლე მტერთან ასიმილაცია გლობალიზაციის ინტერესებშიც კი არ შედის, მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით კი საკუთარი პოზიციების გაძლიერება შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ნაციონალიზმი და გლობალიზაცია ვერასდროს იქნებიან ის მგელი და ცხვარი, რომლებიც ერთ ველზე მოძოვენ ბალახს, თუმცა ზომიერი პოლიტიკითა და გონივრული ნაბიჯებით მათი უმტკივნეულო თანაარსებობა თავისუფლადაა შესაძლებელი.



PILOT

 სალამი!

ამ ბლოგს ვერავინ ვერასდროს მიაგნებს, ამიტომ პირადი საჭიროებებისთვის გამოვიყენებ.

თუ შენ მიაგენი, არც ეგაა დიდი პრობლემა, გადახედე, იქნებ რამე ღირებულს წააწყდე.

აქვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება:

1. დაგდაგანი

2. უდიდესები: ლეო მესი, ლებრონ ჯეიმსი და რაფაელ ნადალი.

3. #გირჩიპარლამენტში

4. HIMYM > FRIENDS

5. ცა ცისფერია, ბალახი - მწვანე.

გმადლობთ ყურადღებისთვის

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...