Tuesday, September 29, 2020

გლობალიზაცია ნაციონალიზმის წინააღმდეგ

ესე გეოგრაფიის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის, სათაურით: "გლობალიზაცია ნაციონალიზმის წინააღმდეგ":

ნაციონალიზმი გლობალიზაციის წინააღმდეგ, არის ის ბრძოლა, რომელსაც, ოცდამეერთე საუკუნეში, ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ჰანდიკაპით იგებს.

თანამედროვე ყოფამ ნაციონალიზმს იმდენჯერ მოსცხო ჩირქი, თანაც უმეტესწილად, გაუმართლებელი, რომ საზოგადოებაში ამ იდეოლოგიისადმი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება დამკვიდრდა. რატომღაც, ნაციონალისტობა ბევრისთვის ძალიან მახინჯ ფენომენს წარმოადგენს, არადა, თითქოს არაფერია ცუდი იმაში, გიყვარდეს საკუთარი ერი.

კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ნაციონალიზმის სახელის გაფუჭებაში უდიდესი როლი ითამაშეს იმ ძალებმა, რომლებიც თავს ულტრანაციონალისტებად რაცხავენ, თუმცა, სინამვილეში, კრემლის კარის ჯამბაზები არიან.

რაც შეეხება ამ ზემოთხსენებულისა და გლობალიზაციის თანხვედრას, არსებითად ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ, რადგან ნაციონალიზმი საზოგადოების ქვაკუთხედად ეთნოსს მიიჩნევს, გლობალიზაცია კი სწორედ რომ ეთნიკური ბარიერების მოშლას ცდილობს.

თუმცა, ამ ორი პოლუსის თანაცხოვრებას გამორიცხულად მაინც არ ჩავთვლიდი. ნაციონალისტები კვლავაც ეცდებიან ეროვნული საწყისების მოფრთხილებას, რაც, კაცმა რომ თქვას, ერთობ საჭირო რამაა, გლობალისტები კი თავიანთ დინებას გაყვებიან- გაიმარჯვებს უძლიერესი.

კიდევ ერთი რამ, რაშიც ნაციონალიზმს შეუძლია გლობალიზაციასთან ითანამშრომლოს, საერთო მტრის განადგურებაა. ბუნებრივია, მოსისხლე მტერთან ასიმილაცია გლობალიზაციის ინტერესებშიც კი არ შედის, მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით კი საკუთარი პოზიციების გაძლიერება შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ნაციონალიზმი და გლობალიზაცია ვერასდროს იქნებიან ის მგელი და ცხვარი, რომლებიც ერთ ველზე მოძოვენ ბალახს, თუმცა ზომიერი პოლიტიკითა და გონივრული ნაბიჯებით მათი უმტკივნეულო თანაარსებობა თავისუფლადაა შესაძლებელი.



No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...