Sunday, October 25, 2020

"მერანი" - ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის "მერანი" ანალიზი ქართული მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მერანი" - ანალიზი"

"მერანს" არა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში, არამედ მთლიანად ქართულ პოეზიაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ამ ლექსმა სრულიად ახალი სიტყვა თქვა, მაგრამ თავისი სრულყოფილი ფორმით, კლასიკურობაც შეინარჩუნა.

"მერანი" არის გმირისადმი მიძღვნილი ჰიმნი. გმირისადმი, რომელიც ცდილობს ბოროტ ძალას აჯობოს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მიზანი ვერ შესრულდება, იმედს იტოვეს, რომ ამ გზაზე მომდევნო მავალს მაინც გაუადვილებს გზას.

ლექსში ყველაზე დიდი დატვირთვა იმ რაშს ენიჭება, რომელზედაცაა ლირიკული გმირი ამხედრებული. სწორედ მას უწევს ქარის გაკვეთა, წყლის გაპობა, კლდე-ღრის გადავლა და სიცხისა თუ ავდრის ატანა. მხედარი სთხოვს მერანს, რომ გათანგული პატრონი არ დაზოგოს და ბოლომდე მისდიოს თავის ბილიკს.

ასევე საგულისხმოა ის თავგანწირვაც, რასაც მთავარი გმირი გამოხატავს. მას ბოლომდე გაუაზრებია, რომ სამშობლოს მოშორებასთან ერთად, მოშორდება თავის საყვარელ ადამიანებსაც, დაიმარხება უცხოეთში, სატრფოს მაგივრად სვავები დაიტირებენ და ქარიშხალი მისგან დარჩენილ ძვლებს მიწას მიაყრის.

შემზარავია, იმის გააზრება, რომ ბარათაშვილმა, გარკვეულწილად, თავისი მომავალი იწინასწარმეტყველა, რადგან იგი სამშობლოსგან შორს, განჯაში დაიკრძალა, ვერც სატრფოს ეღირსა და მის სამჯერ დაკრძალულ ნეშტიც დიდ ქარიშხლებში მოხვდა. 

მთავარი პერსონაჟი გვევლინება ბოროტ ძალასთან ბრძოლის მედროშედ. იგი თავადაც ამბობს, რომ ოხერი ყორნის ბასრი ბრჭყალები ვერ შეაშინებს. მთელი ლექსის მანძილზე მკითხველი არ კარგავს იმის იმედს, რომ ბნელეთი დამარცხდება და სწორედ ამაში მდგომარეობს ნამუშევრის მთელი ხიბლი.

ჩვენ მაინც ვიცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მხედრის გაკვალულ გზაზე ყოველთვის გამოჩნდება ახალი მებრძოლი, ვინც ბოროტს აუცილებლად დაჯაბნის.

საბოლოო ჯამში, "მერანს" ყველაფერი აქვს, რაც შედევრად წოდებულ ლექსს უნდა ჰქონდეს და სწორედ ამიტომაც იკავებს იგი ქართულ პოეზიაში ესოდენ წარმოსაჩენ ადგილს.

No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...