ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ადამიანი მუდამ ბედნიერებას ესწრაფვის, მაგრამ ვერასდროს აღწევს მას."
ადამიანის ამქვეყნად არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი (თუ არა უმთავრესი) დანიშნულება ბედნიერების მოპოვებაა. ბუნებრივია, ყველას სხვადასხვანაირად ესმის საკუთარი ბედნიერება და ამიტომაცაა, რომ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
ზოგს საკუთარი ჯიბის გასქელება აბედნიერებს, ზოგს გარშემომყოფების გახარება, ზოგს ანტარქტიდაზე ყინულის დნობის შეჩერება, ზოგსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ, ბოროტი იქნება თუ კეთილი, თითოეულ ადამიანს სურს უბრალოდ ბედნიერი იყოს
სხვა საკითხია ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი სრული კმაყოფილების მიღწევა. ჩემი აზრით, შანსი იმისა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ვინმე ბედნიერი იყოს, მინიმალურზე მინიმალურია.
ბუნებრივია, ყველას ცხოვრებაშია სულ მცირე ერთი მომენტი მაინც, როცა ნეტარების მწვერვალს აღწევს. სპორტსმენებისთვის ეს ტიტულის მოგების დროს ხდება, პოლიტიკოსებისთვის არჩევნებში ტრიუმფის ჟამს, ხელოვანი მაშინაა უბედნიერესი, როცა თავისი ნამუშევარი დამსახურებულ აღიარებას მიიღებს.
მიუხედავად ამისა, კმაყოფილებამ შეიძლება მაქსიმუმ 2 კვირა გასტანოს. ამ დროის გასვლის შემდეგ, პიროვნება ან ახალ ბრძოლებში ჩაერთვება, ან სამუდამოდ თავის წარსულ წარმატებას შეხედავს და იმის მოტივაციაც გაუქრება, რომ კიდევ ერთხელ გააკეთოს ის, რაც უკვე გააკეთა.
ამის ყველაზე კარგი მაგალითი მწერლებსა და სპორტსმენებს შორის გვევლინება. სფეროებში, სადაც წარმატება ყველაზე მეტად ფასდება, მისით ტკბობაც ყველაზე იოლია. როცა ერთ მწვერვალს იპყრობ, ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, რათა შემდეგ მწვერვალზე დაიწყო ფიქრი. ის კი, ვინც ახალ ბრძოლებში არ ებმება და ასე ცდილობს ერთხელ მოპოვებული ბედნიერების შენარჩუნებას, ის ბოლოს მაინც უბედური გახდება და ცხოვრებას იმაზე სინანულში გაატარებს, რომ ახალ-ახალი შესაძლებლობების გამოყენებას არ ეცადა. ეს ბუნების კანონია და კაცობრიობა საუკუნეებია ასე მუშაობს.
საბოლოო ჯამში, მარადიული ბედნიერების ცნება ისეთივე უტოპიურია, როგორიც პლანეტაზე მუდმივი მშვიდობის დამყარება. სამყარო სწორედ იმიტომაა ესოდენ შეუცნობელი, რომ იქ მუდმივი არაფერი იქნება, მით უფრო კმაყოფილება. კმაყოფილება, რომელიც ადამიანის უმთავრესი მტერია.
No comments:
Post a Comment