Saturday, November 7, 2020

გენიალურობა არ გულისხმობს ზნეობრიობას

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "გენიალურობა არ გულისხმობს ზნეობრიობას."

თანამედროვე ეპოქაში გენიალურობის თამასა საგრძნობლადაა დაწეული. ეს აშკარაა. მეინსტრიმ მედია საშუალებები საზოგადოებას ლამის ყოველკვირეულად ახალ-ახალ შედევრებს აცნობენ. 

სწორედ ამიტომ, არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ სამყაროში, სადაც კედელზე მიწებებული ბანანი შედევრად ითვლება, ჭეშმარიტი გენიალურობის ადგილი ძნელად თუ მოიძებნება. სწორედ ასე იკარგება გენიოსის პროტოტიპიც - გენიოსის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, დიდი მორალით საერთოდ არ გამოირჩევა.

გენიოსთა მთავარი დამახასიათებელი ის გახლავთ, რომ ისინი ერთ კონკრეტულ საკითხში ზეკომპეტეტურნი არიან. მსგავსი ადამიანები თავიანთ სფეროში ხედავენ ისეთ დეტალებს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. ხანდახან, მათი ზოგადი განათლების დონე შეიძლება საშუალოსტატისტიკური პიროვნების ერუდიციაზე ნაკლებიც კი იყოს, რადგან გონება მხოლოდ საჭირო ინფორმაციით აქვთ დატვირთული. 

რაც შეეხება გენიათა მორალურ მხარეს, აქ საქმე უფრო რთულადაა. გენიოსების ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ქედმაღლობა გახლავთ. ბუნებრივია, ამ ქედმაღლობას გარკვეული საფუძველიც აქვს, თუმცა იგი გარეშე თვალისთვის მაინც გამაღიზიანებელია.

"6 წლის ასაკში მზარეულობა მინდოდა. შვიდი წლის ასაკში - ნაპოლეონობა. და ჩემი ამბიცია მას შემდეგ იზრდება და იზრდება." - გენიოსი მხატვრის, პაბლო პიკასოს ეს ფრაზა კარგად ასახავს თუ რაოდენ დიდი ამბიციები აწუხებთ განსაკუთრებულ ადამიანებს, რაც ლოგიკურია.

გენიოსები ხანდახან ბოროტი ძალის სამსახურშიც დგებიან ხოლმე. გასაკვირი არაა, რომ მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ ფილმებში, როცა ერთმანეთს სინათლე და სიბნელე უპირისპირდება, ორივე მხარეს, ძალთა ბალანსისთვის, გამორჩეული თვისებებით დაჯილდოებული პიროვნებები დგანან. ორთაბრძოლის დროს სასწორი ხან ერთისკენ გადაიხრება, ხან მეორისკენ, თუმცა ბოლოს მაინც სიკეთისთვის მეომარი იმარჯვებს.

ის, თუ რატომ გადადიან ხოლმე გენიოსები ბოროტების ფლანგზე, მარტივი ასახსნელია. უმეტესწილად, მათთვის მიზანი საშუალებას ამართლებს, იდეისთვის ყველა გზის გამოყენება გამართლებულია, რაც ირიბად, სწორედ ბნელ ძალებს ამართლებს. 

ამიტომ, მსგავს პიროვნებებთან სათუთი მოპყრობაა საჭირო, რადგან მათი უდიდესი პოტენციალი შეიძლება დამღუპველადაც კი იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიას თავისი დაქვემდებარების ქვეშ უამრავი ისეთი ადამიანი ყავდა, ვისი გონებრივი მონაცემებიც რიგით პერსონებზე გაცილებით მაღალი გახლდათ. მიუხედავად ამისა, კაცობრიობას მათ სარგებელთან ერთად (რაც ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ წონაგი გახლდათ), ზიანიც მრავლად მოუტანეს.

საბოლოო ჯამში, გენიალურობა იმდენად განყენებული ცნებაა, რომ მას ვერცერთ ჩარჩოში ვერ მოვაქცევთ და აქ არც ზნეობრიობაა გამონაკლისი.


No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...