თხზულება ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ლუარსაბ თათქარიძის დახასიათება"
ლუარსაბ თათქარიძე ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე
სახასიათო პერსონაჟია, რომელშიც ილია ჭავჭავაძემ მეცხრამეტე საუკუნის თავად-აზნაურობის
სახე გენიალურად ჩააქსოვა.
ლუარსაბის პიროვნებაში უმნიშვნელოვანესი როლი მის გარეგნობას
ენიჭება. პატივსაცემი ღიპი, თურაშაულის ვაშლივით ლოყები, სამკეცად ჩამოსული ღაბაბი,
კოტიტა და ბალნიანი ხელები, დამორილი, მსხვილი ფეხები, - აი, ასეთი გახლდათ კახელი
თავადი და აგერ უკვე 150 წელზე მეტია, რაც
მსგავსი ჰაბიტუსის მქონე ადამიანებს ლუარსაბს უხმობენ ხოლმე. თათქარიძის პორტრეტი იმდენად
რეალური გახლდათ, რომ ბევრს შეიძლება ისტორიული ფიგურაც ეგონოს და ვერც წარმოიდგინოს, ამ ადამიანს მხოლოდ
ფურცლებზე თუ უარსებია.
ილიას მოსაზრებით, მაშინ, როდესაც ადამიანის ხორცი სრულ
განცხრომაშია, მაშინ მისი სული ჭლექდება, ხოლო როცა სული ყვავის - ხორცი დნება. ლუარსაბთან
მიმართებაში, ცხადია, საქმე პირველ შემთხვევასთან გვაქვს. ამ ადამიანის მთელ საფიქრალს
გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი სადილ-ვახშამი წარმოადგენდა, რასაც სულიერებასთან
საერთო არაფერი აქვს. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებდა ლუარსაბის ინტელექტზეც და სწორედ
ამიტომ გახლდათ, რომ იგი ლამის პირუტყვის დონემდე იყო დასული.
ცალკე საკითხია თათქარიძის შეხედულებანი განათლების
შესახებ. მას მიაჩნდა, რომ ქართველი ხალხის საქმე მას შემდეგ წავიდა უკან, რაც ქვეყანაში
სკოლები შემოვიდა. ლუარსაბი თვითონაც უსწავლელი იყო, მაგრამ ამით ამაყობდა კიდეც და
იკვეხნიდა - მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განაო, თუმცა ეს ღრმადპატივცემული
პიროვნება ვერ ხვდებოდა, რომ თავისით ცხოვრებაში არაფრისთვის მიეღწია. ის კარმიდამო
და სიმდიდრე, რომლითაც ლუარსაბი საზრდოობდა, წინაპრებისგან ჰქონდა მიღებული და თავად
წვლილი მხოლოდ მის გაპარტახებაში თუ შეეტანა. ისე კი, კაცმა რომ თქვას, სასმელ-საჭმელი
თათქარიძეს თავის დღეში არ მოაკლდებოდა და სხვაფრივ რაიმის გაუმჯობესებაზე კი აბა რაღატომ
უნდა ეფიქრა?!
„კაცია ადამიანის“ მთავარი პერსონაჟი დანანებით იხსენებდა
ძველ დროს და იმ ხანას ნატრობდა, როცა ნამდვილი ვაჟკაცები კარგი ცხენით, კარგი თოფითა
და მარჯვე მკლავით გამოირჩეოდნენ. ეს ფაქტი გვარიანად ღიმილისმომგვრელია, რადგან მკითხველი
დიდებულად ხვდება, რომ რამდენიმე საუკუნის წინაც, ლუარსაბი ისეთივე უქნარა იქნებოდა,
როგორიც თავის თანამედროვეობაში გახლდათ. ხაზი იმაზეცაა გასასმელი, რომ თავადი ვერც
ამ თემაში სვამდა სწორ აქცენტებს და იმის ნაცვლად, პრობლემა ხალხის დაბეჩავებაში ეძებნა,
დროის ცვლილებას აბრალებდა ყველაფერს.
ზემოთ კარ-მიდამო ვახსენეთ და მოდი, კიდევ ერთხელ გადავხედოთ
ლუარსაბის საკუთრებაში არსებულ ნაგებობებს: ქვითკირის ორსართულიანი სახლი, რომელიც
ხელის შევლებას სასიცოცხლოდ საჭიროებდა; გვერდზე გადახრილი ჩალური, უბადრუკი სასიმინდე,
ფრთამოტეხილი ბატის მსგავსი საბრძელი; ამ ყველაფერს კი გარს ტყრუშული ღობე და ჭიშკარი
ევლოდნენ, თუმცა ორივე მათგანს სული კბილით ეჭირა და ისეთი პირი უჩანდა, დღე-დღეზე
წაიქცეოდა. მშვენიერი გახლდათ თათქარიძის სახლის ინტერიერიც, სადაც თვალს ჩაცვენილაგურებიან
იატაკსა და მინის მაგივრად, შიგნით ფურცელჩასმულ ფანჯარას მოკრავდით.
ამ გულსაკლავ სანახაობას ლუარსაბი ყოველ ცისმარე დღეს
უცქერდა, მაგრამ მუდმივად კუჭის ამოყორვაზე ჩაფიქრებულს თვალზე ბინდი ჰქონდა გადაკრული
და არც რომელიმე პრობლემის გადაჭრას აპირებდა. ანდა, რას უნდა მოელოდე კაცისგან, ვისაც
ხორაგიც ბევრი აქვს და თავზე ჭერიც, მაგრამ სტუმრის მოსვლას მხოლოდ იმიტომ უფრთხის,
რომ ტანზე ჩაცმა მოუწევს და ერთ სიკვდილს გაათავებს.
საბოლოო ჯამში, ლუარსაბ თათქარიძე ქართული მენტალობის
განუყოფელ ნაწილად იქცა და მისი მსგავსნი დღესაც მრავლად არიან, ამიტომ, ვისურვოთ,
რომ იქნებ მომავალში მაინც, შევძლოთ ჩვენს საკუთარ თავებში ლუარსაბის დამარცხება, რაც
პიროვნული განვითარებისკენ უდიდესი ნაბიჯი იქნება.