Tuesday, October 27, 2020

ლიტერატურული სალონი

თავისუფალი თემა ქართველი მწერლების შესახებ ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის, სათაურით: "ლიტერატურული სალონი":

ადამიანებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ზოგს ჰგონია, რომ გარდაცვალების შემდეგ არც არაფერი ხდება, ზოგს გზაგასაყარი აქვს წარმოდგენილი, რომლის ერთ მხარესაც ქვაბებში ცხელი წყალი თუხთუხებს, მეორე მხარეს კი ტრიალი მინდორია გადაჭიმული, თავზე გადაჭიმული ცისარტყელით.

ჩვენ ალბათ ვერასდროს გავიგებთ, თუ რომელია სიმართლე, მაგრამ ის კი ვიცით, თუ რა ბედი ელით მწერლებს, ადამიანებს, ვინც არც ცისა არიან და არც მიწისა. 

მიცვალებული მწერლები ერთ დაფეხვილ ბიბლიოთეკაში ხვდებიან, რომელიც წაუკითხავი წიგნებითაა გაძეძგილილი. მოგეხსენებათ, რომ წაუკითხავი წიგნები ლიტერატურმცოდნეობის ყველაზე დიდი ქომაგია. ამ ბიბლიოთეკაშიც მხოლოდ ისეთი ნამუშევრები დევს, რასაც რიგითი მკითხველი არასდროს მიაქცევს ყურადღებას და სამარადჟამოდ შერჩება თაროს ისე, რომ ერთხელაც არ გადაშლიან.

ბუნებრივია, დაწესებულებას უამრავი დანაყოფი აქვს, სადაც მწერლები მოცალეობის ჟამს( და კაცმა რომ თქვას, მათთვის ყველა ჟამი მოცალეობისაა) ბაასობენ ერთმანეთთან.

ერთ-ერთ ასეთ განყოფილებაში ქართველი მკითხველისთვის საყვარელ ადამიანებს მოუყრიათ. გემოვნებათა სიჭრელე აქაც შეიმჩნევა და ამიტომაა, რომ ერთმანეთის გვერდით ისეთ მწერლებს მოკრავთ თვალს, ვისაც თითქოს საერთო არც უნდა ჰქონდეთ.

ერთობ საინტერესოა ჟიულ ვერნის შემთხვევა. სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი უკვე 105 წელია ამ ბიბლიოთეკაში იმყოფება და ეს დრო საკმარისი გამოდგა, რათა წმინდა ქართულით ამეტყველებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მისი პოპულარობა იბერიაში საგრძნობლადაა დაცემული, წარსული დიდების კვალი ჟიულს კარგად ახსოვს, ამიტომაც არ მიუვიწყებია მისთვის მეტად ძვირფასი ალაგი.

უცხოელებიდან საპატიო ადგილასაა წამოჭიმული წამოჭიმული ფიოდორ დოსტოევსკი. პატივცემული თეოდორის იქ მოხვედრიდან აგერ 139 წელია გასული, თუმცა იგი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რატომ გაანაწილეს ქართველების ფავორიტ ნაწილში. ადამიანი, ვისაც რუსი ერის რჩეულობის სწამდა და მკვეთრად აჟღერებდა იმ მოსაზრებებს, რის გამოც ახლა წილხვედრის შვილებს ბარეორიც ჰყავთ მოძულებული. მიუხედავად ამისა, "ძმები კარამაზოვების" გაპაპსავების შემდგომ, დოსტომ მყარად მოიკიდა ფეხი ამ განყოფილებაში.

თქვენ თუ გგონიათ, მხოლოდ ამით ამოიწურება ქართველთა მიერ მოწონებული მწერლების სია, მწარედაც ცდებით! უცხოელი "კლასიკოსებიდან" აქ ალექსანდრე დიუმაც შემოივლის ხოლმე (თავისი ვაჟითურთ, რომელსაც ეს პატივი მხოლოდ მამასთან სახელ-გვარის დამთხვევის გამო ერგო), სახედამწვარი ვიქტორ ჰიუგოც და კიდევ ბევრი. ძირითადად, ფრანგები და რუსები. რატომღაც, ქართველმა მკითხველმა დიდწილად ეს ორი შეიყვარა. ახალგაზრდების მატებასთან ერთად ამერიკული სკოლაც წამოიჩიტა, თუმცა მათ ხსენებულ ორს ჯერ კიდევ ვერ მივუყენებთ.

აღნიშნულ განყოფილებაში ფეხი არ მიედგმება ათიოდე წლის მისულ ჟოზე სარამაგუს, ვინც მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტია და საინტერესო წიგნებიც აქვს დაწერილი, ქართველებს მაინც არ უყვართ. არ უყვართ იმიტომ, რომ ხსენებული ნობელი ცხვირწინ ააცალა თავად ქართველს და ამ პატარა ერს ისტორიაში პირველი ნობელიანტის ყოლის შანსიც წაართვა. აფსუს, ჟოზე, ვერ დაგემართა კარგი ამბავი.

ბუნებრივია, ბიბლიოთეკის ამ ნაწილში მაინც ქართველი მწერლები ჭარბობენ. ქართველს ქართველი ყველაზე მეტად უყვარს. უყვარს, მაგრამ მაინც ივიწყებს. საყვარელ ხალხს თუ ჩამოათვლევინებენ, თანამემამულეს არ იტყვის, ან ბოლოს იტყვის. მაგრამ ამით რა? ნამდვილ სიყვარულს აფიშირება სულაც არ სჭირდება.

ახლა წესით ისიც უნდა გაინტერესებდეს, თუ რაზე ლაპარაკობს ამდენი მოაზროვნე თავი. პასუხი მარტივია: იმაზე, რაც მათ, ამ ჭრელ საზოგადოებას, აერთიანებთ - ქართველ ხალხზე. უკვირთ თუ რა სჭირს ამ ხალხს, წლიდან წლამდე დაჩლუნგებისკენ რატომ მიდის, შემობრუნების წინაპირობა თუ ჩანს და საერთოდ, ეშველებათ თუ არა რამე.

ალბათ, ამდენწლოვან ფიქრში მათ თავიანთი მოსაზრებებიც ჩამოუყალიბდათ და ვინ იცის, იქნებ გამოსავალსაც მიაგნეს, მაგრამ აქამდე ხმის მოწვდენას ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, იქნებ შენ დაფიქრდე, მკითხველო, და რამე შეცვალო, თორემ ზეციურ ბიბლიოთეკაში ძალიან ნერვიულობენ.

Sunday, October 25, 2020

"მერანი" - ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის "მერანი" ანალიზი ქართული მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მერანი" - ანალიზი"

"მერანს" არა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში, არამედ მთლიანად ქართულ პოეზიაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ამ ლექსმა სრულიად ახალი სიტყვა თქვა, მაგრამ თავისი სრულყოფილი ფორმით, კლასიკურობაც შეინარჩუნა.

"მერანი" არის გმირისადმი მიძღვნილი ჰიმნი. გმირისადმი, რომელიც ცდილობს ბოროტ ძალას აჯობოს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მიზანი ვერ შესრულდება, იმედს იტოვეს, რომ ამ გზაზე მომდევნო მავალს მაინც გაუადვილებს გზას.

ლექსში ყველაზე დიდი დატვირთვა იმ რაშს ენიჭება, რომელზედაცაა ლირიკული გმირი ამხედრებული. სწორედ მას უწევს ქარის გაკვეთა, წყლის გაპობა, კლდე-ღრის გადავლა და სიცხისა თუ ავდრის ატანა. მხედარი სთხოვს მერანს, რომ გათანგული პატრონი არ დაზოგოს და ბოლომდე მისდიოს თავის ბილიკს.

ასევე საგულისხმოა ის თავგანწირვაც, რასაც მთავარი გმირი გამოხატავს. მას ბოლომდე გაუაზრებია, რომ სამშობლოს მოშორებასთან ერთად, მოშორდება თავის საყვარელ ადამიანებსაც, დაიმარხება უცხოეთში, სატრფოს მაგივრად სვავები დაიტირებენ და ქარიშხალი მისგან დარჩენილ ძვლებს მიწას მიაყრის.

შემზარავია, იმის გააზრება, რომ ბარათაშვილმა, გარკვეულწილად, თავისი მომავალი იწინასწარმეტყველა, რადგან იგი სამშობლოსგან შორს, განჯაში დაიკრძალა, ვერც სატრფოს ეღირსა და მის სამჯერ დაკრძალულ ნეშტიც დიდ ქარიშხლებში მოხვდა. 

მთავარი პერსონაჟი გვევლინება ბოროტ ძალასთან ბრძოლის მედროშედ. იგი თავადაც ამბობს, რომ ოხერი ყორნის ბასრი ბრჭყალები ვერ შეაშინებს. მთელი ლექსის მანძილზე მკითხველი არ კარგავს იმის იმედს, რომ ბნელეთი დამარცხდება და სწორედ ამაში მდგომარეობს ნამუშევრის მთელი ხიბლი.

ჩვენ მაინც ვიცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მხედრის გაკვალულ გზაზე ყოველთვის გამოჩნდება ახალი მებრძოლი, ვინც ბოროტს აუცილებლად დაჯაბნის.

საბოლოო ჯამში, "მერანს" ყველაფერი აქვს, რაც შედევრად წოდებულ ლექსს უნდა ჰქონდეს და სწორედ ამიტომაც იკავებს იგი ქართულ პოეზიაში ესოდენ წარმოსაჩენ ადგილს.

Wednesday, October 14, 2020

"მოტირალი და მოცინალი" - ანალიზი

სულხან-საბას იგავის "მოტირალი და მოცინალი" ანალიზი ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მოტირალი და მოცინალი" - ანალიზი"

სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას კონტრასტული სახეების ერთმანეთთან შეპირისპირება ლაიტმოტივადაც კი გასდევს. ამის ერთ-ერთი მაგალითია იგავი "მოტირალი და მოცინალიც".

იგავში ორ ადამიანს ვხვდებით. ერთი გამუდმებით ტირის, ხოლო მეორე კი გამუდმებით იცინის. მათ ერთი და იგივე საფიქრალი აქვთ და ეს ადამიანთა ცუდი ქცევებია. საბოლოო ჯამში, ორივე მიხვდა, რომ სხვათა გამოსწორების მცდელობა უაზრო დაღლა გახლდათ, ამიტომ ხელი ჩაიქნიეს. სწორედ აქ გაიყო მათი გზები: ერთმა იმედგაცრუების გამოხატვა გლოვით გადაწყვიტა, ხოლო მეორემ - სიცილით.

რა თქმა უნდა, ბოლომდე ჯანსაღი არცერთის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე მაინც მოცინარის მხარეს ავირჩევდი. ნამდვილად არაა ლოგიკასმოკლებული ის შეხედულება, რომ თუ საქმეს ვერაფრით შველი, ამაზე დარდიც სისულელეა. 

"თუ პრობლემა მოგვარებადია, რა განერვიულებს, თუ პრობლემას არ ეშველება, მითუმეტეს რა განერვიულებს. არ არსებობს წუხილი, რომელიც შვებას მოგიტანს." - ეს ცნობილი ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად დალაი ლამას აწერენ ხოლმე, ყველაზე კარგი აღწერაა იმისა, თუ რამდენად სწორად აზროვნებდა მოცინარი მოტირალთან შედარებით.

ბუნებრივია, მტირალი პიროვნების ასეთი გაუბრალოებაც არ შეიძლება. ნამდვილად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მას უცნობი ადამიანების ხელიდან წასვლა ესოდენ ახლოს მიაქვს გულთან. ტირილი მისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმაა, თუმცა რამდენად ეფექტური, ესეც ცალკე საკითხია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე მოცინარის მსოფლმხედველობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია. ისე კი, კაცმა რომ თქვას, სულხან-საბას გაცილებით აზრიანი იგავებიც მრავლად აქვს.

ტყუილი სხვა ადამიანთა სიმართლეა

ესე ქართულს მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის, რომელიც ოსკარ უაილდის შემდეგ ციტატაზეა დამყარებული: "ტყუილი სხვა ადამიანთა სიმართლეა"

კაცობრიობის ისტორია რომ პრიმიტიულ დონეზე დავიყვანოთ, იგი სიმართლისა და ტყუილის დაპირისპირებად წარმოგვიდგება. თუმცა, სიმართლის ცნება საკმაოდ პირობითია. ოსკარ უაილდი ნამდვილად მართალია, როცა ღაღადებს, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ძირითადად, იმ რაკურსზეა დამოკიდებული, საიდანაც ვუყურებთ საკითხს.

ალბათ, ბევრს ეს ციტატა აბნევს, რადგან ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება რაიმე ერთდროულად ტყუილიც იყოს და სიმართლეც. ინგლისელი მწერლის მოსაზრების ბოლომდე გასაგებად, საჭიროა, რომ ილუზიისა და რეალობის მკვეთრად გამიჯვნა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და საკითხს ცივი გონებით შევხედოთ.

შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის ბოლო 100 წლის ყველაზე საყვარელი თემა მთვარეზე აპოლო 11-ის დაჯდომაა. მილიონობით ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ 1969 წლის 21 ივლისს დედამიწის თანამგზავრზე არანაირი ხომალდი არ დაშვებულა და იქ არც ამერიკის დროშა აფრიალებულა. გამოკითხვის თანახმად, თავად აშშ-ს მოსახლეობის 30%-იც კი დარწმუნებულია, რომ ეს შემთხვევა ინსცენირებული გახლდათ.

კონსპიოროლოგთა არგუმენტები მრავალგზის იქნა უარყოფილი და თითქოს, ამ მოვლენიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ყველა კითხვა გამქრალია, ურწმუნო თომები აღარ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ისინი მაინც მრავლად შემორჩნენ. აბა, გაბედოს ვინმემ და მათ უთხრას, რომ ტყუილში ცხოვრობენ ... ამის მთქმელს ისეთ ამბავს დააწევენ, რომ უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. სწორედ ესაა ნათელი ილუსტრაცია, რომ ხშირად, საზოგადოებაში წყალგაუვალ ფაქტად შერაცხული რამეც კი შეიძლება ვინმესთვის მტკნარი სიცრუე იყოს. აი, მაშინ ვიღებთ ისეთ შემთხვევას, როცა სიმართლე ტყუილია და ტყუილი - სიმართლე.

ლიტერატურაში ამ ორი პოლუსის ერთმანეთთან შეჯახების ბევრი მაგალითი არსებობს. ტყუილის ხსენებაზე თავში ადამიანებს ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟი, ბარონი მიუნჰაუზენი მოსდით, რომელსაც ცრუპენტელობა სისხლ-ხორცში ჰქონდა გამჯდარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქოსატყუილობის შესახებ ყველამ დიდებულად იცოდა, მიუნჰაუზენს მაინც ბოლომდე სწამდა, რომ რასაც ამბობდა, სიმართლე იყო. აქ საქმე იმ ფენომენთან გვაქვს, როცა ადამიანი საკუთარ თავს მოუმხდარის მომხდარობას დააჯერებს და ილუზიას ქვეცნობიერში ჩაიბეჭდავს.

ჯორჯ ორუელის საკულტო ნაწარმოებში "1984" ხალხს სწორედ სიცრუესთან უწევს გამკლავება. როდესაც ყოველდღე გიმეორებენ, რომ ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, ხოლო უმეცრება - ძალა, სამყაროს ადრინდელ ხედვაში სულ მცირე დაეჭვდები მაინც. უფრო ძლიერი ფსიქოლოგიის ადამიანები ამას უფრო დიდხანს გაუძლებენ, სუსტი ნებისყოფის პატრონნი კი, მალევე მოიდრიკებიან. გავა დრო და მეამბოხეების დაღუპვასთან ერთად, სიმართლეც სამუდამოდ დაიკარგება და მის ადგილს ტყუილი დაიკავებს.

ამ საკითხზე კამათისას ყოველთვის მეტად მახვილგონივრული კარიკატურა მახსენდება, როცა ორი ადამიანი ერთ ფიგურას შესცქერის, ერთის მხრიდან ამ ფიგურას ცხრიანის ფორმა აქვს, მეორეს პოზიციიდან - ექვსიანის. ორივე თავისებურად მართალია, მაგრამ ამას ვერცერთი ხვდება, ამიტომაც ლანძღავენ ერთურთს. ამ დროს ვიაზრებთ, რომ სანამ სხვას სიცრუეში დავადანაშაულებდეთ, უმჯობესი იქნება, სურათს მათი გადმოსახედიდანაც შევხედოთ.

ასეა თუ ისე, ხანდახან ძნელი გასარკვევია, თუ სად გადის ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის, თუმცა ეს ბუნების კანონია, რასაც რიგითი მოკვდავები ვერ შევცვლით.

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...