Wednesday, October 14, 2020

ტყუილი სხვა ადამიანთა სიმართლეა

ესე ქართულს მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის, რომელიც ოსკარ უაილდის შემდეგ ციტატაზეა დამყარებული: "ტყუილი სხვა ადამიანთა სიმართლეა"

კაცობრიობის ისტორია რომ პრიმიტიულ დონეზე დავიყვანოთ, იგი სიმართლისა და ტყუილის დაპირისპირებად წარმოგვიდგება. თუმცა, სიმართლის ცნება საკმაოდ პირობითია. ოსკარ უაილდი ნამდვილად მართალია, როცა ღაღადებს, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ძირითადად, იმ რაკურსზეა დამოკიდებული, საიდანაც ვუყურებთ საკითხს.

ალბათ, ბევრს ეს ციტატა აბნევს, რადგან ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება რაიმე ერთდროულად ტყუილიც იყოს და სიმართლეც. ინგლისელი მწერლის მოსაზრების ბოლომდე გასაგებად, საჭიროა, რომ ილუზიისა და რეალობის მკვეთრად გამიჯვნა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და საკითხს ცივი გონებით შევხედოთ.

შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის ბოლო 100 წლის ყველაზე საყვარელი თემა მთვარეზე აპოლო 11-ის დაჯდომაა. მილიონობით ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ 1969 წლის 21 ივლისს დედამიწის თანამგზავრზე არანაირი ხომალდი არ დაშვებულა და იქ არც ამერიკის დროშა აფრიალებულა. გამოკითხვის თანახმად, თავად აშშ-ს მოსახლეობის 30%-იც კი დარწმუნებულია, რომ ეს შემთხვევა ინსცენირებული გახლდათ.

კონსპიოროლოგთა არგუმენტები მრავალგზის იქნა უარყოფილი და თითქოს, ამ მოვლენიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ყველა კითხვა გამქრალია, ურწმუნო თომები აღარ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ისინი მაინც მრავლად შემორჩნენ. აბა, გაბედოს ვინმემ და მათ უთხრას, რომ ტყუილში ცხოვრობენ ... ამის მთქმელს ისეთ ამბავს დააწევენ, რომ უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. სწორედ ესაა ნათელი ილუსტრაცია, რომ ხშირად, საზოგადოებაში წყალგაუვალ ფაქტად შერაცხული რამეც კი შეიძლება ვინმესთვის მტკნარი სიცრუე იყოს. აი, მაშინ ვიღებთ ისეთ შემთხვევას, როცა სიმართლე ტყუილია და ტყუილი - სიმართლე.

ლიტერატურაში ამ ორი პოლუსის ერთმანეთთან შეჯახების ბევრი მაგალითი არსებობს. ტყუილის ხსენებაზე თავში ადამიანებს ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟი, ბარონი მიუნჰაუზენი მოსდით, რომელსაც ცრუპენტელობა სისხლ-ხორცში ჰქონდა გამჯდარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქოსატყუილობის შესახებ ყველამ დიდებულად იცოდა, მიუნჰაუზენს მაინც ბოლომდე სწამდა, რომ რასაც ამბობდა, სიმართლე იყო. აქ საქმე იმ ფენომენთან გვაქვს, როცა ადამიანი საკუთარ თავს მოუმხდარის მომხდარობას დააჯერებს და ილუზიას ქვეცნობიერში ჩაიბეჭდავს.

ჯორჯ ორუელის საკულტო ნაწარმოებში "1984" ხალხს სწორედ სიცრუესთან უწევს გამკლავება. როდესაც ყოველდღე გიმეორებენ, რომ ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, ხოლო უმეცრება - ძალა, სამყაროს ადრინდელ ხედვაში სულ მცირე დაეჭვდები მაინც. უფრო ძლიერი ფსიქოლოგიის ადამიანები ამას უფრო დიდხანს გაუძლებენ, სუსტი ნებისყოფის პატრონნი კი, მალევე მოიდრიკებიან. გავა დრო და მეამბოხეების დაღუპვასთან ერთად, სიმართლეც სამუდამოდ დაიკარგება და მის ადგილს ტყუილი დაიკავებს.

ამ საკითხზე კამათისას ყოველთვის მეტად მახვილგონივრული კარიკატურა მახსენდება, როცა ორი ადამიანი ერთ ფიგურას შესცქერის, ერთის მხრიდან ამ ფიგურას ცხრიანის ფორმა აქვს, მეორეს პოზიციიდან - ექვსიანის. ორივე თავისებურად მართალია, მაგრამ ამას ვერცერთი ხვდება, ამიტომაც ლანძღავენ ერთურთს. ამ დროს ვიაზრებთ, რომ სანამ სხვას სიცრუეში დავადანაშაულებდეთ, უმჯობესი იქნება, სურათს მათი გადმოსახედიდანაც შევხედოთ.

ასეა თუ ისე, ხანდახან ძნელი გასარკვევია, თუ სად გადის ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის, თუმცა ეს ბუნების კანონია, რასაც რიგითი მოკვდავები ვერ შევცვლით.

No comments:

Post a Comment

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...