Monday, November 30, 2020

ლუარსაბ თათქარიძის დახასიათება

თხზულება ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ლუარსაბ თათქარიძის დახასიათება"

ლუარსაბ თათქარიძე ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟია, რომელშიც ილია ჭავჭავაძემ მეცხრამეტე საუკუნის თავად-აზნაურობის სახე გენიალურად ჩააქსოვა.

ლუარსაბის პიროვნებაში უმნიშვნელოვანესი როლი მის გარეგნობას ენიჭება. პატივსაცემი ღიპი, თურაშაულის ვაშლივით ლოყები, სამკეცად ჩამოსული ღაბაბი, კოტიტა და ბალნიანი ხელები, დამორილი, მსხვილი ფეხები, - აი, ასეთი გახლდათ კახელი თავადი და  აგერ უკვე 150 წელზე მეტია, რაც მსგავსი ჰაბიტუსის მქონე ადამიანებს ლუარსაბს უხმობენ ხოლმე. თათქარიძის პორტრეტი იმდენად რეალური გახლდათ, რომ ბევრს შეიძლება ისტორიული ფიგურაც  ეგონოს და ვერც წარმოიდგინოს, ამ ადამიანს მხოლოდ ფურცლებზე თუ უარსებია.

ილიას მოსაზრებით, მაშინ, როდესაც ადამიანის ხორცი სრულ განცხრომაშია, მაშინ მისი სული ჭლექდება, ხოლო როცა სული ყვავის - ხორცი დნება. ლუარსაბთან მიმართებაში, ცხადია, საქმე პირველ შემთხვევასთან გვაქვს. ამ ადამიანის მთელ საფიქრალს გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი სადილ-ვახშამი წარმოადგენდა, რასაც სულიერებასთან საერთო არაფერი აქვს. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებდა ლუარსაბის ინტელექტზეც და სწორედ ამიტომ გახლდათ, რომ იგი ლამის პირუტყვის დონემდე იყო დასული.

ცალკე საკითხია თათქარიძის შეხედულებანი განათლების შესახებ. მას მიაჩნდა, რომ ქართველი ხალხის საქმე მას შემდეგ წავიდა უკან, რაც ქვეყანაში სკოლები შემოვიდა. ლუარსაბი თვითონაც უსწავლელი იყო, მაგრამ ამით ამაყობდა კიდეც და იკვეხნიდა - მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა, თუმცა ეს ღრმადპატივცემული პიროვნება ვერ ხვდებოდა, რომ თავისით ცხოვრებაში არაფრისთვის მიეღწია. ის კარმიდამო და სიმდიდრე, რომლითაც ლუარსაბი საზრდოობდა, წინაპრებისგან ჰქონდა მიღებული და თავად წვლილი მხოლოდ მის გაპარტახებაში თუ შეეტანა. ისე კი, კაცმა რომ თქვას, სასმელ-საჭმელი თათქარიძეს თავის დღეში არ მოაკლდებოდა და სხვაფრივ რაიმის გაუმჯობესებაზე კი აბა რაღატომ უნდა ეფიქრა?!

„კაცია ადამიანის“ მთავარი პერსონაჟი დანანებით იხსენებდა ძველ დროს და იმ ხანას ნატრობდა, როცა ნამდვილი ვაჟკაცები კარგი ცხენით, კარგი თოფითა და მარჯვე მკლავით გამოირჩეოდნენ. ეს ფაქტი გვარიანად ღიმილისმომგვრელია, რადგან მკითხველი დიდებულად ხვდება, რომ რამდენიმე საუკუნის წინაც, ლუარსაბი ისეთივე უქნარა იქნებოდა, როგორიც თავის თანამედროვეობაში გახლდათ. ხაზი იმაზეცაა გასასმელი, რომ თავადი ვერც ამ თემაში სვამდა სწორ აქცენტებს და იმის ნაცვლად, პრობლემა ხალხის დაბეჩავებაში ეძებნა, დროის ცვლილებას აბრალებდა ყველაფერს.

ზემოთ კარ-მიდამო ვახსენეთ და მოდი, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ლუარსაბის საკუთრებაში არსებულ ნაგებობებს: ქვითკირის ორსართულიანი სახლი, რომელიც ხელის შევლებას სასიცოცხლოდ საჭიროებდა; გვერდზე გადახრილი ჩალური, უბადრუკი სასიმინდე, ფრთამოტეხილი ბატის მსგავსი საბრძელი; ამ ყველაფერს კი გარს ტყრუშული ღობე და ჭიშკარი ევლოდნენ, თუმცა ორივე მათგანს სული კბილით ეჭირა და ისეთი პირი უჩანდა, დღე-დღეზე წაიქცეოდა. მშვენიერი გახლდათ თათქარიძის სახლის ინტერიერიც, სადაც თვალს ჩაცვენილაგურებიან იატაკსა და მინის მაგივრად, შიგნით ფურცელჩასმულ ფანჯარას მოკრავდით.

ამ გულსაკლავ სანახაობას ლუარსაბი ყოველ ცისმარე დღეს უცქერდა, მაგრამ მუდმივად კუჭის ამოყორვაზე ჩაფიქრებულს თვალზე ბინდი ჰქონდა გადაკრული და არც რომელიმე პრობლემის გადაჭრას აპირებდა. ანდა, რას უნდა მოელოდე კაცისგან, ვისაც ხორაგიც ბევრი აქვს და თავზე ჭერიც, მაგრამ სტუმრის მოსვლას მხოლოდ იმიტომ უფრთხის, რომ ტანზე ჩაცმა მოუწევს და ერთ სიკვდილს გაათავებს.

საბოლოო ჯამში, ლუარსაბ თათქარიძე ქართული მენტალობის განუყოფელ ნაწილად იქცა და მისი მსგავსნი დღესაც მრავლად არიან, ამიტომ, ვისურვოთ, რომ იქნებ მომავალში მაინც, შევძლოთ ჩვენს საკუთარ თავებში ლუარსაბის დამარცხება, რაც პიროვნული განვითარებისკენ უდიდესი ნაბიჯი იქნება.

Wednesday, November 25, 2020

"პასუხის პასუხი" - ანალიზი

ილია ჭავჭავაძის ლექსის "პასუხის პასუხი" ანალიზი ქართულის მასწავლებლის დავალებისთვის, სათაურით: "პასუხის პასუხი - ანალიზი":

"პასუხის პასუხი" არის ილია ჭავჭავაძის მორიგი გალაშქრება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ არისტოკრატიაზე, რომელიც დაცლილი იყო ყოველგვარი პროგრესული იდეებისაგან. ლიბერალური ფრთის ლიდერმა წინა თაობა სარკეში ჩაახედა და ნათლად დაანახა, თუ რა ჭაობში იძირებოდნენ ისინი. მაგრამ, როდის იყო, ქართველ კაცს კრიტიკა ნორმალურად მიეღო?! სწორედ ამან განაპირობა ორი გენერაციის ერთმანეთთან დატაკება საგაზეთო ფურცლებზე.

რაც შეეხება ხსენებულ ლექსს, მგოსანი მას აგრესიული ტონით იწყებს და პირდაპირ ამუნათებს თავის მოქიშპეთ. ილიამ თავიდანვე გაუსვა ხაზი რუსეთის იმპერიის სამსახურში მიღებულ იმ ჩინ-მედლებს, რომლითაც გრიგოლ ორბელიანი და ძმანი მისნი დიდხანს იწონებდნენ თავს. ჭავჭავაძე წერს, რომ რუსეთთან შეხება მისი თაობის წევრებსაც ჰქონიათ, თუმცა მათ ეს მხოლოდ განათლების მისაღებად გამოიყენეს და თავიანთი წინამორბედებისგან განსხვავებით, საკუთარი პრინციპები არ გაყიდეს.

თაობათა დაპირისპირების ჟამს რელიგიას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეკისრებოდა. ასაკით უფროსები ყოველთვის უკიჟინებენ თავიანთზე უმცროსებს, რომ მათ ღვთის გზას გადაუხვიეს და სატანას შეეკვრნენ (ზოგადად, სიტყვა სატანის გამოყენება მათ ძალიან უყვართ). მსგავსი რამ მოხდა ამ შემთხვევაშიც, რადგან ილია ჭარმაგ წარჩინებულთ შემდეგ რამეს ეკითხება "იმით თამამობთრომ ბეზღით გვწამობ ურჯულოებასღვთის უარყოფას?"

ჭავჭავაძემ კიდევ ერთხელ შეუტია საპირისპირო ფრთას და პირდაპირ თქვა, რომ მათ მზაკვრობის, თვალთმაქცობისა და ყოველგვარი უკუღმართის ღმერთის სჯერათ ახალგაზრდებს კი ტანჯულ-ჩაგრულთა უფლის რწმენა აქვთ.

თერგდალეულთა ლიდერი ეხება ქართული ენის საკითხსაც და მის დაკნინებაში ღიად ადანაშაულებს წინა თაობას. ილია გაბრაზებით აღნიშნავს, რომ "მამებს" ქართულად მეტყველება სამარცხვინოდ მიაჩნდათ და გინდ შინ, გინდ გარეთ გმობდნენ მშობლიურ ენას. 

ენის აღორძინების მისია ახალგაზრდებმა იკისრეს. უფროსებისაგან გმობილმა შვება ახალ თაობაში ჰპოვა და როგორც ლექსში ვკითხულობთ, მას უკვე საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ჭავჭავაძემ იცოდა, რომ ქართული ენა კვლავ დაბრუნდება თავის სიმაღლეზე, თუმცა მისთვის ზიანის მიმყენებელთ ისტორია საკადრის პასუხს მიაგებდა, რაც, ზუსტი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა.

პასუხის პასუხი პოეტმა "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმით დაასრულა და კიდევ ერთხელ მიუთითა უფროს თაობას თავის მანკიერებაზე. საბოლოო ჯამში, მამებისა და შვილების ომში ეს გადამწყვეტი შეტაკება გამოდგა, საიდანაც უკვე გამოჩნდა, რომ თანდათანობით, ახალგაზრდები წინა პლანზე გადმოდიოდნენ და წინა თაობას მათთვის ადგილი უნდა დაეთმო.


Monday, November 23, 2020

პატრიოტული მოტივი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებით, სათაურით: "პატრიოტული მოტივები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში"

პატრიოტიზმი და ილია ჭავჭავაძის შემოქმედება ფაქტობრივად იდენტური ცნებებია. შეუძლებელია, ილიას რომელიმე ნაწარმოები წაიკითხო და ვერ ამოიკითხო კავშირი მის თითოუელ სიტყვასა და სამშობლოს სიყვარულს შორის. სწორედ ამის გამო იქცა იგი ერის მამად და ყველა ადამიანისთვის მისაბაძ პიროვნებად.

"მე თქვენ გაღვიძებთ მძინარე ქართველნო, თქვენ კი მეორე გვერდზე ტრიალდებით და მაგინებთ." - ამ ერთ ფრაზაში ჩანს ჭავჭავაძის მთელი გულისტკივილი. ის თავისი შეგნებული ცხოვრების ყველა წამის განმავლობაში ცდილობდა, რომ თვალებზებინდგადაკრული თანამემამულეები გამოეფხიზლებინა და ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო, თუმცა ამის გამო მას ბევრი ტალახი მოხვდა,

საბედნიეროდ, ილიას ქმედებებმა ნაყოფი მაინც გამოიღო და მისი გარდაცვალებიდან ათიოდე წელიწადში საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ხალხის მასა მთაწმინდისკენ დაიძრა. ერთ-ერთმა სოციალ-დემოკრატმა, ვლასა მგელაძემ კი დიდი მოაზროვნის საფლავში ჩასძახა: "გიხაროდენ დიდო ილია, შენი ოცნება აღსრულდა!" 70 წლის შემდეგ, როცა საქართველო უკვე საბჭოური ტირანიისგან თავდაღწევას ცდილობდა, ერთ-ერთ დისიდენტურ ორგანიზაციასაც "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" ეწოდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ბოლო 200 წლის მანძილზე, ქართველი ერის თავისუფლება და ილია ჭავჭავაძე ერთმანეთთან მტკიცედაა გადაჯაჭვული.

რაც შეეხება შემოქმედებას, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად საზოგადო მოღვაწის პატრიოტიზმი ეპოქალურ ნაწარმოებში "კაცია-ადამიანი" გამოიხატა. რა თქმა უნდა, ირონიულად ჟღერს ამის თქმა იმ ნაწარმოებზე, სადაც იმდროინდელ ქართველობას ავტორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, თუმცა ამ კითხვის ნიშანს ილია თავადვე აქრობს ეპიგრაფით: "მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო."

"მგზავრის წერილებში" ჩანს, რომ ჭავჭავაძის ერთადერთი საფიქრალი რუსეთიდან სახლში დაბრუნების დროს ის იყო, თუ როგორ უნდა დახმარებოდა თავის სამშობლოს. "როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე," - მხოლოდ ამაზე დარდობდა ილია და მან თავისი ვალი პირნათლად შეასრულა.

საბოლოო ჯამში, ვიტყოდი, რომ სანამ თავისუფლების სურვილი ერთ ქართველში მაინც იარსებებს, მანამდე იქნება ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და ზოგადად, მისი იდეები აქტუალური. ასე რომ, გამოფხიზლდი ერო! 

Tuesday, November 10, 2020

პოეზიის დანიშნულება

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით "პოეზიის დანიშნულება"

ყველა პოეტის დანიშნულებად იმას ვთვლი, რომ მას საკუთარი ერის მაჯისცემაზე უნდა ედოს ხელი. ისტორიას არ შემორჩენიან ისეთი მგოსნები ვინც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასულა და ეს შემთხვევითი სულაც არაა.

ქართულ ლიტერატურას ბოლო საუკუნეების მანძილზე დაეკისრა მეტად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა - გაეხმოვანებინა საზოგადოების სატკივარი. მაშინ, როცა სახელმწიფოებრიობის ცნება გამქრალი იყო და მტერი ყოველივე ეროვნულის ჩანასახშივე ჩაკვლას ცდილობდა, პოეტებს ხანდახან შეფარულად, ხანდახან კი პირდაპირ უნდა გამოეხატათ პროტესტი არსებული სისტემის წინააღმდეგ და საბედნიეროდ, ისინი ამას აკეთებდნენ კიდეც.

ქართველ პოეტს არასდროს ჰქონია იმის ფუფუნება, რომ გამუდმებით ეწერა ბუნების ლანდშაფტებსა თუ თავის გულისნადებზე. გარეშე თვალისთვის ადვილად შესამჩნევია, რომ მკითხველსაც უფრო მგზნებარე, სამშობლოს სიყვარულით აღტკინებული, თუნდაც ოდნავ პათეტიკური ლექსები უფრო იზიდავს, ვიდრე მელანქოლიურ-სასოწარკვეთილი (ესეც კენჭი რომანტიკოსთა ბოსტანში), რაც ასევე ლოგიკურია, ისევ და ისევ ჩვენი წარსულის გამო.

ოცდამეერთე საუკუნის ქართული პოეზიისკენ რომ ინტერესი მინავლებულია, მარტივი შესამჩნევია. ამის მთავარ მიზეზად კი ისევ უახლოეს ისტორიაში მოვძებნიდი. ამჟამად აღარ არსებობს პროტესტის ქარაგმულად გამოხატვის აუცილებლობა და ყველას ხმამაღლა შეუძლია, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, ჩვენი სამოქალაქო ცხოვრება მხოლოდ სტროფებიდან აღარ გამოსჭვივის, რამაც ყველაფერი შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მე მწერალთა ფლანგზე ვდგავარ და მელექსეების შემოქმედებისადმი დიდი თაყვანისცემით არ გამოვირჩევი, ეჭვგარეშეა, რომ პოეტებს ყოველთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ჰქონდათ აღებული და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს.

მსოფლიო ომების გარეშე

ესე გეოგრაფიის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მსოფლიო ომების გარეშე"

მსოფლიოს ისტორიას ხშირად ომების ისტორიასაც უწოდებენ და ეს სავსებით სამართლიანია. უხსოვარი დროიდან, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გვარებად თუ თემებად ცხოვრობდნენ და პრიმიტიულზე პრიმიტიული იარაღები ჰქონდათ, ერთმანეთთან დაპირისპირებებს მრავლად ჰქონდა ადგილი, რაც ლოგიკურია, რადგან ბრძოლისკენ მიდრეკილება ჩვენს პიროვნებაში მჭიდროდ ზის.

სწორედ ამიტომ, "მსოფლიო ომების გარეშე" ისეთივე უტოპიური მოცემულობაა, როგორიცაა "პლანეტები თანამგზავრების გარეშე" ან "შენობები საძირკვლის გარეშე". ის, რომ ხალხს ხანდახან ბოლის გამოშვება სჭირდება, ამას ვერც დროის სვლა შეცვლის და ვერც სხვა დამაბრკოლებელი გამოუჩნდება.

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი კადრები, რომელიც 1943 წლის 18 იანვარს, ბერლინის სპორტის სასახლეშია გადაღებული. სწორედ ამ დღეს, ნაცისტური გერმანიის მთავარმა იდეოლოგმა, იოზეფ გებელსმა მრავალათასიან პუბლიკას ერთი კითხვა დაუსვა: გინდათ ტოტალური ომი? შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად იხუვლა - დიახ! თუ ვინმეს კიდევ არ სჯერა, რომ სისხლისღვრისკენ სიმპათია ადამიანის ბუნების ნაწილია, აჩვენეთ მათ ეს ჩანაწერი.

იმ ფილმებშიც კი, სადაც კაცობრიობის მომავალია ასახული, ხშირად ვხვდებით შემდეგ სურათს: მაშინ, როცა დედამიწაზე თითქოს სიმშვიდეს დაუსადგურებია, მტერი ღია კოსმოსიდან ჩნდება. ეს არის მორიგი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ უბრალოდ არ წარმოგვიდგენია სიცოცხლე უბრძოლველად. ვერ ვიგებთ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ვინმესთან კონკურენციისა და ქიშპობის გარეშე. 

ზოგისთვის ასეთი შეხედულებები კატასტროფულია და ალბათ, მის ღიად გამომხატველს კაციჭამიადაც კი შერაცხავდნენ, მაგრამ ფაქტი აშკარაა. სწორედ ერთმანეთთან განუწყვეტელმა შეჯახებებმა გამოწრთო ადამიანი, რათა მას ამდენი განსაცდელისთვის გაეძლო.

ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და ბევრს ჰგონია, რომ გასული რამდენიმე წელი შედარებით მშვიდობიანი იყო. რა თქმა უნდა, შუა საუკუნეების მსგავსი მხეცური შეტაკებები ასე მასშტაბურად აღარ ხდება, თუმცა თუ თქვენ გუგლის საძიებო ველში "მიმდინარე კონფლიქტებს" ჩაწერთ, საკმაოდ დიდი სია გადაგეშლებათ თვალწინ. ასე რომ, პლანეტაზე ამ წამსაც კი ბევრი ადგილი ცეცხლშია გახვეული.

ყარაბახის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ომით დაკარგული ომითვე ბრუნდება, ამიტომ ქართველებისთვის სჯობს, მსოფლიოში სამუდამო მშვიდობის დამყარება გარკვეული დროით გადაიდოს, მანამდე, სანამ კუთვნილს უკანვე არ მივიღებთ.

Monday, November 9, 2020

ჩვენი ახლანდელი ყოფა და მომავალი

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ჩვენი ახლანდელი ყოფა და მომავალი"

ქართველი ერის წარსულ ყოფასა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის მთავარი განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ ხალხის დიდი ნაწილი მონად იქცა. თავისუფლება არის ის, რაც ქართველი ერის დიდმა ნაწილმა ძალიან დიდი ხანია დაკარგა. დაახლოებით 200 წელიწადზე მეტი. არადა ერი, რომელსაც თავისუფლების მანიაკალური მოთხოვნილება არ აქვს, მკვდარია. 

პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიკარგა თავისუფლებისკენ ლტოლვა ისაა, რომ ადამიანებმა თავის მოტყუება დაიწყეს. მათ ჰგონიათ, რომ საკუთარ ნებას თავად განკარგავენ, უზადო თავისუფლებით სარგებლობენ და ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. სიმართლე ისაა, რომ საზოგადოებამ სახე დაკარგა, იქცა მონების შეუხედავ ჯოგად.

ძალიან მარტივია იყო მონა. დაკმაყოფილდე პატრონის მიერ სამადლოდ გადმოგდებული სალაფავით; ბედნიერი იყო იმით, რომ როცა მოუნდებათ, მაშინ წაგითაქებენ თავში, მაგრამ თუ არ გაინძრევი, გვერდების ატკივებას ცოტა ხნით გადაავადებ.  მონობა არის ქრონიკული სენი, რასაც ერთადერთი პრეპარატი აქვს - თავისუფლება, მაგრამ ჭირვეული ავადმყოფების მსგავსად, წამლების მიღებას არ ვცდილობთ და ბედს ვეგუებით. შეგუებასა და ჭაობში ჩარჩენას კი მხოლოდ და მხოლოდ თვითგანადგურებისკენ მივყავართ.

ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურა "მონა" ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. აქ გვხვდება უხილავი პირისა და დაბეჩავებული კაცის სულისშემძვრელი დიალოგი, მთხრობელი ოსტატურად გვიჩვენებს მონის ფსიქოლოგიის სრულ სურათს და მინიატურას ამ სიტყვებით ამთავრებს:

"მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა ... ნაკლებ საცოდავი, ვიდრე საზიზღარი."

თავისუფლების დაკარგვას ადამიანი სხვა, რანგით უფრო დაბლა მყოფი არსებების დონეზე ჩამოყავს. მართლაც, მუცლის ამოყორვა და როგორღაც თავის ცოცხლად დატოვება ცხოველებსაც და ფრინველებსაც ჩვენს მსგავსად ადარდებთ. სწორედ ამიტომაა, რომ მონის ფსიქოლოგიის პატრონსა და პირუტყვს შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს. 

ქრისტესშობიდან ოცდამეერთე საუკუნეში, მაშინ, როცა პლანეტა განვითარების ახალ-ახალ ეტაპზე გადადის, სამარცხვინოც კია, ჯანსაღი ადამიანი სასოებით შეჰყურებდეს ვინმეს წყალობას.ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ სოციუმის დიდი ნაწილი სტოქჰოლმის სინდრომით დაავადდა. სხვანაირად აუხსნელია ხალხის ის ჯოჯოხეთური მოწადინება ვინმეს მკაცრი ხელისკენ. ყველაზე ნათლად ეს კოვიდპანდემიის დროს გამოვლინდა, როცა ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სულელური რეგულაციების გამპროტესტებელს ჯერ გაუნათლებლები ეძახეს, შემდეგ ხალხის მტრები და ბოლოს ტერორისტებადაც მონათლეს. არადა, ისინი მხოლოდ გვახსენებდნენ, რომ ჩვენს კონსტიტიციურ უფლებებს ყოვლად უაზრო საბაბით ზღუდავდნენ, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონეო უნდაო, ჩვენს წინაპრებს ტყუილად ნამდვილად არ უთქვამთ.

ასეა თუ ისე, დროა, ერმა გაიღვიძოს. ქართული სახელმწიფოებრიობა ზუსტად 190 წლის მანძილზე იყო გამქრალი. უხეშად რომ დავითვალოთ, 10 თაობა მონის უღლის ქვეშ გაიზარდა. გამოჩნდა, რომ ამ დამღუპველი გავლენიდან გასათავისუფლებლად 30 წელიწადი საკმარისი არ გამოდგა. დღესაც არსებობენ ისეთნი, ვინც ალბათ თავისი ინიციატივითაც კი გაიკეთებდა ბორკილს, რათა თავისი წილი პასუხისმგებლობა ჩამოეხსნა და მთლიანად პატრონს, ფაშას, ბატონს თუ ვინმე მსგავსს მინდობოდა. ასეთ მოცემულობაში კი თვალშისაცემი პროგრესი უბრალოდ წარმოუდგენელია.

რაც არ უნდა სადღეგრძელოსავით ჟღერდეს, ფაქტია, რომ ქართველმა ერი საუკუნეების მანძილზე უამრავ მტერს გაუძლო და ბევრსაც თავბედი აწყევლინა. სწორედ ამიტომ, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებსაც კი გულში მცირე იმედი გვაქვს შერჩენილი, რომ ოდესმე გამოვფხიზლდებით. სამწუხაროდ, ილია ჭავჭავაძის მიერ 1872 წელს ნათქვამი "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია" ახლაც აქტუალურია და ალბათ, ამაშია ჩვენი უბედურებაც.


Saturday, November 7, 2020

მტრობა და ღირსება

ესე ქართული ენის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "მტრობა და ღირსება"

"დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო" - სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ეს ფრაზა გურამ დოჩანაშვილის საკულტო ნაწარმოებში "სამოსელი პირველი" გვხვდება და გვახსენებს, რომ პლანეტის სიცოცხლე ამ უდიდეს გრძნობაზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ამ თეზისა, მე ვფიქრობ, რომ სამყაროში მტრობას არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ბევრი კამათი შემხვედრია იმაზე, თუ რომელი უფრო ძლიერი გრძნობაა - სიყვარული თუ სიძულვილი. ამ დილემაში ორივე პოზიციისთვის მოიძებნება არგუმენტების მელ წყება, თუმცა ეს არც ერთს აკნინებს და არც მეორეს.

ვაჟა-ფშაველას უკვდავი სიტყვები - "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი" - დღესაც აქტიური პოლემიკის საგანია. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ადამიანს რაც უფრო მეტი მტერი ჰყავს, მით უფრო ღირსეული პიროვნებაა და დამატებით ფაქტორებს მნიშვნელობა არც აქვს. სინამდვილეში, ისაა მნიშვნელოვანი, თუ რა კატეგორიის ხალხი ითვლება შენს მოძულედ.

მგოსნის ეს მოსაზრება მხოლოდ მაშინაა მართებული, როცა საზოგადოების მავნე ნაწილი გმტრობს. მაშინ, როცა ისეთი ადამიანები გამუნათებენ, როგორთა აზრსაც შენ არად აგდებ, ხვდები, რომ რაღაცას სწორედ აკეთებ.

რა თქმა უნდა, ღირსების საკითხი მეტოქეობის დროსაც კი გასათვალისწინებელოა. შუღლმა და ბოღმამ, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს იგი, პიროვნებას საკუთარი სახე არ უნდა დააკარგინოს. მტრებს შორის ვაჟკაცური დამოკიდებულების მაგალითი ისტორიასა თუ ლიტერატურაშიც მრავლად გვხვდება.


გენიალურობა არ გულისხმობს ზნეობრიობას

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "გენიალურობა არ გულისხმობს ზნეობრიობას."

თანამედროვე ეპოქაში გენიალურობის თამასა საგრძნობლადაა დაწეული. ეს აშკარაა. მეინსტრიმ მედია საშუალებები საზოგადოებას ლამის ყოველკვირეულად ახალ-ახალ შედევრებს აცნობენ. 

სწორედ ამიტომ, არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ სამყაროში, სადაც კედელზე მიწებებული ბანანი შედევრად ითვლება, ჭეშმარიტი გენიალურობის ადგილი ძნელად თუ მოიძებნება. სწორედ ასე იკარგება გენიოსის პროტოტიპიც - გენიოსის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, დიდი მორალით საერთოდ არ გამოირჩევა.

გენიოსთა მთავარი დამახასიათებელი ის გახლავთ, რომ ისინი ერთ კონკრეტულ საკითხში ზეკომპეტეტურნი არიან. მსგავსი ადამიანები თავიანთ სფეროში ხედავენ ისეთ დეტალებს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. ხანდახან, მათი ზოგადი განათლების დონე შეიძლება საშუალოსტატისტიკური პიროვნების ერუდიციაზე ნაკლებიც კი იყოს, რადგან გონება მხოლოდ საჭირო ინფორმაციით აქვთ დატვირთული. 

რაც შეეხება გენიათა მორალურ მხარეს, აქ საქმე უფრო რთულადაა. გენიოსების ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ქედმაღლობა გახლავთ. ბუნებრივია, ამ ქედმაღლობას გარკვეული საფუძველიც აქვს, თუმცა იგი გარეშე თვალისთვის მაინც გამაღიზიანებელია.

"6 წლის ასაკში მზარეულობა მინდოდა. შვიდი წლის ასაკში - ნაპოლეონობა. და ჩემი ამბიცია მას შემდეგ იზრდება და იზრდება." - გენიოსი მხატვრის, პაბლო პიკასოს ეს ფრაზა კარგად ასახავს თუ რაოდენ დიდი ამბიციები აწუხებთ განსაკუთრებულ ადამიანებს, რაც ლოგიკურია.

გენიოსები ხანდახან ბოროტი ძალის სამსახურშიც დგებიან ხოლმე. გასაკვირი არაა, რომ მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ ფილმებში, როცა ერთმანეთს სინათლე და სიბნელე უპირისპირდება, ორივე მხარეს, ძალთა ბალანსისთვის, გამორჩეული თვისებებით დაჯილდოებული პიროვნებები დგანან. ორთაბრძოლის დროს სასწორი ხან ერთისკენ გადაიხრება, ხან მეორისკენ, თუმცა ბოლოს მაინც სიკეთისთვის მეომარი იმარჯვებს.

ის, თუ რატომ გადადიან ხოლმე გენიოსები ბოროტების ფლანგზე, მარტივი ასახსნელია. უმეტესწილად, მათთვის მიზანი საშუალებას ამართლებს, იდეისთვის ყველა გზის გამოყენება გამართლებულია, რაც ირიბად, სწორედ ბნელ ძალებს ამართლებს. 

ამიტომ, მსგავს პიროვნებებთან სათუთი მოპყრობაა საჭირო, რადგან მათი უდიდესი პოტენციალი შეიძლება დამღუპველადაც კი იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიას თავისი დაქვემდებარების ქვეშ უამრავი ისეთი ადამიანი ყავდა, ვისი გონებრივი მონაცემებიც რიგით პერსონებზე გაცილებით მაღალი გახლდათ. მიუხედავად ამისა, კაცობრიობას მათ სარგებელთან ერთად (რაც ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ წონაგი გახლდათ), ზიანიც მრავლად მოუტანეს.

საბოლოო ჯამში, გენიალურობა იმდენად განყენებული ცნებაა, რომ მას ვერცერთ ჩარჩოში ვერ მოვაქცევთ და აქ არც ზნეობრიობაა გამონაკლისი.


Wednesday, November 4, 2020

ადამიანი მუდამ ბედნიერებას ესწრაფვის, მაგრამ ვერასდროს აღწევს მას

ესე ქართულის მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "ადამიანი მუდამ ბედნიერებას ესწრაფვის, მაგრამ ვერასდროს აღწევს მას."

ადამიანის ამქვეყნად არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი (თუ არა უმთავრესი) დანიშნულება ბედნიერების მოპოვებაა. ბუნებრივია, ყველას სხვადასხვანაირად ესმის საკუთარი ბედნიერება და ამიტომაცაა, რომ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

ზოგს საკუთარი ჯიბის გასქელება აბედნიერებს, ზოგს გარშემომყოფების გახარება, ზოგს ანტარქტიდაზე ყინულის დნობის შეჩერება, ზოგსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ, ბოროტი იქნება თუ კეთილი, თითოეულ ადამიანს სურს უბრალოდ ბედნიერი იყოს

სხვა საკითხია ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი სრული კმაყოფილების მიღწევა. ჩემი აზრით, შანსი იმისა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ვინმე ბედნიერი იყოს, მინიმალურზე მინიმალურია.

ბუნებრივია, ყველას ცხოვრებაშია სულ მცირე ერთი მომენტი მაინც, როცა ნეტარების მწვერვალს აღწევს. სპორტსმენებისთვის ეს ტიტულის მოგების დროს ხდება, პოლიტიკოსებისთვის არჩევნებში ტრიუმფის ჟამს, ხელოვანი მაშინაა უბედნიერესი, როცა თავისი ნამუშევარი დამსახურებულ აღიარებას მიიღებს.

მიუხედავად ამისა, კმაყოფილებამ შეიძლება მაქსიმუმ 2 კვირა გასტანოს. ამ დროის გასვლის შემდეგ, პიროვნება ან ახალ ბრძოლებში ჩაერთვება, ან სამუდამოდ თავის წარსულ წარმატებას შეხედავს და იმის მოტივაციაც გაუქრება, რომ კიდევ ერთხელ გააკეთოს ის, რაც უკვე გააკეთა.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი მწერლებსა და სპორტსმენებს შორის გვევლინება. სფეროებში, სადაც წარმატება ყველაზე მეტად ფასდება, მისით ტკბობაც ყველაზე იოლია. როცა ერთ მწვერვალს იპყრობ, ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, რათა შემდეგ მწვერვალზე დაიწყო ფიქრი. ის კი, ვინც ახალ ბრძოლებში არ ებმება და ასე ცდილობს ერთხელ მოპოვებული ბედნიერების შენარჩუნებას, ის ბოლოს მაინც უბედური გახდება და ცხოვრებას იმაზე სინანულში გაატარებს, რომ ახალ-ახალი შესაძლებლობების გამოყენებას არ ეცადა. ეს ბუნების კანონია და კაცობრიობა საუკუნეებია ასე მუშაობს.

საბოლოო ჯამში, მარადიული ბედნიერების ცნება ისეთივე უტოპიურია, როგორიც პლანეტაზე მუდმივი მშვიდობის დამყარება. სამყარო სწორედ იმიტომაა ესოდენ შეუცნობელი, რომ იქ მუდმივი არაფერი იქნება, მით უფრო კმაყოფილება. კმაყოფილება, რომელიც ადამიანის უმთავრესი მტერია.

Tuesday, November 3, 2020

"შემოღამება მთაწმინდაზედ" - ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის "შემოღამება მთაწმინდაზედ" ანალიზი ქართული მასწავლებლის ღირშესანიშნავი დავალებისთვის სათაურით: "შემოღამება მთაწმინდაზედ" - ანალიზი"

ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში "შემოღამება მთაწმინდაზე", ისევე როგორც თავისი შემოქმედების თითქმის ყველა ნიმუშში, მელანქოლიისა და უიმედობის მასტერკლასს გვიტარებს. მკითხველს მგოსანი სასოწარკვეთილების მორევში აგდებს და კაცმა რომ თქვას, ეს კარგი საქციელი ნამდვილად არაა, მაგრამ, ვაპატიოთ.

ავტორი ძირითად აქცენტს გარემოს აღწერაზე აკეთებს, უწოდებს მას უდაბურს, ვერანსა და დამაფიქრებელს. მიუხედავად იმისა, რომ დამეთანხმებით, დიდი ვერაფერიშვილი ეპითეტებია არემარე შემკული, ტატოს ყველაზე მეტად ამ ხედიდან დანახული შემოღამების სურათი ხიბლავს.

ბარათაშვილი მთავარ გულშემატკივარს მთაში ხედავს. იგი მას გულდახურულთა მეგობარს უწოდებს. ეს ზვიადი წარმონაქმნიც, პოეტის მსგავსად, ცვალებადგუნებიანია, ხან იცინის, ხანაც ტირის. 

ლექსში ყველაზე გამოსარჩევი შედარება მერვე სტროფში გვხვდება, სადაც მთვარისა და ვარსკვლავის გამიჯნურების შესახებაა მოთხრობილი. დედამიწის თანამგზავრს ნიკოლოზი მხურვალე ლოცვით მიქანცებულ სულის მსგავსს უწოდებს. 

ლირიკული გმირი ამბობს, რომ მხოლოდ საღამო ანუგეშებს მას. როგორც კი მჭვუნვარება დარევს ხელს, იგი მაშინვე მთაწმინდაზე მიდის მზის ჩასვლის საცქერლად და დარდს იქარვებს. 

საინტერესოა, რომ ნამუშევარი იმედის ნაპერწკლის ანთებით სრულდება. ბარათაშვილი თითქოს იჯერებს, რომ ოდესმე მზიანი დილა გათენდება და ბინდიც განიფანტება. ბინდი, რომელიც მის სულშია ჩაგუბებული და მოსვენებას არ აძლევს.

საბოლოო ჯამში, ბარათაშვილის ეს ლექსი მისი ყველა სხვა ლექსის გამოძახილად გვევლინება, ამიტომ, დასამატებელიც ბევრი არაფერია.

ქართლი არაბების შემოსვლამდე

არაბები ქართლში პირველად მეშვიდე საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდნენ, თუმცა მხოლოდ მარბიელი ლაშქრობით შემოიფარგლნენ. გაცილებით უფრო საფუძვლი...